დიდ დიღომში 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლებაში, გამწვანების აქცია გაიმართა. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ახალი, მშენებარე ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო, 2 მეტრია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტობაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები