გიორგი მღებრიშვილმა უნგრეთის მხარესთან თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

 საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაროლი კონტრატი და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაროლი კონტრატმა ხელი მოაწერეს „ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას.
უწყების ცნობით, აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ექსპერტებს შორის შეხვედრებს, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობას.
დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ მხარეები 2016 წლის აპრილში, უნგრეთში, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისა და უნგრეთის შს მინისტრის, შანდორ პინტერის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. 2016 წლის 6 ივნისს კი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიმართ უნგრული მხარის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე ოფიციალური წერილით დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები