„ჩემი პროფესიაც და ჰობიც… ყვავილებია“ – ლუიზა ფანცულაიას ედემი ხონში

ბუნებასა და სილამაზეში ბავშვობიდან იზრდებოდა. მშობლების მიერ მოვლილი ეზო მუდამ მწვანედ ბიბინებდა… ამბობს, რომ მშობლებისგან გამოჰყვა მცენარეების სიყვარული. ერთ დღეს კი, როცა ახლობელმა ურჩია, დეკორატიული მცენარეების მომრავლება, იდეა მოეწონა და საგულდაგულო მომზადების შემდეგ ეზოში ულამაზესი ბაღი გააშენა.
ამჟამად მეურნეობას „Flora+“  ხონში ყველა იცნობს.  სანერგე მეურნეობა მრავალფეროვნებთ გამოირჩევა –  ინტერიერის მცენარეები, მცენარეები აივნის კონტეინერებისათვის, ყვავილის ნერგები, ოთახის მცენარეები, მხვიარა ფორმის მცენარეები... ირგვლივ ყველაფერი გემოვნებით და მზრუნველობით გამოირჩევა. – ლუიზა ფანცულაიას პერსონა.

 – ბავშვობა ყოველთვის კარგად მახსენდება – მშობლები, ჩვენი სახლი, ეზო მეურნეობა, ყველაფერი თითქმის ნატურალური გვქონდა, მოგვყავდა. მამა მასწავლებელი იყო, თუმცა ძალიან კარგად ეხერხებოდა მყნობა. ჩვენს ეზოში სხვადასხვა ხილის უამრავი ხე იდგა – ვაშლატამა, ატამი, ბევრნაირი მსხალი, ქლიავი, ვაშლი, ზღმარტლი, ალუჩა და სხვა. მამა  თუ სადმე უცხო ხილს წააწყდებოდა, კვირტი ან კალამი მოჰქონდა და ასე ამრავლებდა ჩვენს ეზოში;  მამა მეც მასწავლა მყნობა და რამდენიმე ჩემი დამყნობილი ახლაც არის ჩვენს ეზოში, თუმცა ამ საქმისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ გამოვხატავდი, ბავშვური ცნობისმოყვარეობა უფრო იყო. სკოლაში ფრენბურთისა და კალათბურთის გოგონათა გუნდში ვთამაშობდი და არცერთ სპორტულ შეჯიბრს თუ ტურნირს არ ვტოვებდი, გუნდის კაპიტანი ვიყავი…
ძალიან ლამაზი  ეზო გვქონდა, დედას უზომოდ უყვარდა მწვანე მოლი, მუდამ მოვლილი და გადაკრეჭილი ჩვენი ეზოც მწვანედ ბიბინებდა. გვქონდა ხვიარა გლიციანია, რომელიც მთელს ეზოს მიჰყვებოდა და მისი სურნელი ირგვლივ იფრქვეოდა.
ეზოში ხშირად ვფუსფუსებით… ტიტებს, ნარცისებს, მიმოზას, ჰიბისკუსს, ვარდებს, კალას, ჰორტენზიას, კამელიას, – რომელ ყვავილს აღარ ნახავდით…
– ხონში ცხოვრობთ… ალბათ მშობლებისაგან გამომყვა მცენარეების სიყვარული
– მართლაც, ასე იყო, თუმცა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,  წლების განმავლობაში  ხონის ავტომატურ სატელეფონო სადგურს ვხელმძღვანელობდი… მეუღლეც კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო, სამსახურში გავიცანით ერთმანეთი.
როცა უსამსახუროდ დავრჩით, ხელი მივყავით მეურნეობას, დიდი ეზო გვაქვს და ორი სათბური ჩვენი ძალებით გავმართეთ, კიტრის და პომიდვრის სათბურები გვქონდა, მაგრამ დიდად არ გაამართლა ჩვენს პირობებში, თანაც, შემოტანილი კიტრი და პომიდორი ბევრად იაფი იყო.
– როგორ დაიწყეთ დეკორატიული მცენარეების და ყვავილების გაშენება?
– ახლობელმა გვირჩია, რომ ხელი დეკორატიული მცენარეების მოშენებისთვის მოგვეკიდა, დიდად ამ საქმიანობაში ვერ ვერკვეოდით, რადგან სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია, ამაშიც ახლობელი დაგვეხმარა, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი გვასწავლა, დაგვაკვალიანა, მცენარის რომელი ჯიშები შეგვერჩია, მოგვეყვანა და გაგვემრავლებინა. მცენარეთა გამოყვანა, გამრავლება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შევარჩიეთ მცენარეთა ჯიშები გასამრავლებლად, გამოვიწერეთ სხვადასხვა მცენარის თესლი და გამოვიყვანეთ ჩვენს სათბურში. ყველა მცენარე, ძირითადად,  თესლიდან გამოგვყავს. ეს ძალიან დიდი ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ისეთი სასიამოვნოა, სულ პაწაწკინტელა თესლიდან უსუსური მცენარე რომ ამოვა და ეს შენს ხელში შემდეგ შესაბამისი მოვლის პირობებში ულამაზეს ყვავილად იზრდება. სამწუხაროდ, მეუღლე გარდამეცვალა და ახლა მარტო მიწევს ამ საქმიანობის გაგრძელება…
მსოფლიოში ცნობილ ჯიშებს ახარებთ. ასე მგონია, ძალიან ფაქიზი მოვლა უნდა ყვავილებს… რამდენი სახეობა ხარობს თქვენს მეურნეობაში  და ძირითადად, რომელ ყვავილებს ამრავლებთ?
– გამომყავს და ვამრავლებ კომპაქტური მცენარეების ძალიან ცნობილ ჯიშებს, ჩვენმა პარტნიორმა შეგვირჩია ისეთი ჯიშები, რომლებიც ამერიკისა და ევროპელ ფლორიტთა მოწონებით სარგებლობს. გვაქვს როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი მცენარეები. მრავალწლიანები და ულამაზესი სურნელოვანი მიხაკები, ხუჭუჭა ტუხტები, პენსტემონი, ექინაცეა, ჯუჯა გვირილა, ლომისპირები, რომლებიც ძალიან სურნელოვანია, კორეოფსისი, მონარდა, ლობელია, კამპანულა, ხვიარა მცენარეები: გლიცინია, ტეკომა, პასიფლორა, კოლხური და დეკორატიული სურო, ლიატრისი, ვერბენა, გაზანია;
სხვადასხვა ფერის ჯუჯა გეორგინა, ფერადი აკაები, ლილები, ქრიზანთემები, კალუნა, სპირეა, აბელია, დეკორატიული კოწახური, ლავანდა, როზმარინი როგორც ჩვეულებრივი, ასევე ამპელური, სანტა-ბარბარას ულამაზესი გვირილა და სხვა.
ერთწლიანებიდან – სხვადასხვა ფერის ჯუჯა ცელოზია და სალვია, სხვადასხვა სახის და ფერის ბეგონია, ფლოქსი, იბერისი, პეტუნია, ულამაზესი ბალზამინები და ტორენია. ეს ყველაფერი გამოგვყავს ჩვენ მიერ შეზავებულ მიწაში, ვრგავთ კონტეინერებში და ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქს, გადამწვარ ნაკელსა და ბიოდეპოზიტს. კონტეინერში ჩარგული მცენარის გადარგვა ადვილია და კარგად ეგუება გადარგვის შემდეგ ნიადაგს და კარგად ხარობს.
– ფეისბუქის გვერდზე უამრავი ადამიანი გეხმიანებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თბილისიდანაც…  როგორ უნდა შეიძინონ მათ თქვენი ყვავილები? ადგილზე ჩამოსვლით?
დიდი ხანია არ არის, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ბევრი ჩემს წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, ხონში ვინ იყიდის ასეთ მცენარეებს, თბილისში უნდა წაიღოთო… ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო და არის, რომ აქ, ხონში, გვქონდეს მეურნეობა და ადგილზე გაიყიდოს მცენარეები.  ჩვენთან მოსვლის შემდეგ ბევრი ამბობს, რომ ხონში ასეთ მცენარეებს  არ ელოდებოდნენ…
ჩვენს მცენარეები ყველას მოსწონს, ვინც მოდის, მიაქვთ და თავის ეზოებში ახარებენ, ხანდახან სურათებსაც გვიგზავნიან, თუ როგორ ყვავის მათ ეზოში ესა თუ ის მცენარე, რჩევებსაც გვეკითხებიან. ბევრს უნდა ჩვენი მცენარეების შეძენა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვწერენ… სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს გაგზავნის მომსახურება, მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი შეძენა. ამის გამო  სამართლიან უკმაყოფილობას გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან რთულია  ამა თუ იმ მცენარის საქართველოს მასშტაბით გაგზავნა.
შევქმენით ფეისბუქის გვერდი და განვათავსეთ ინფორმაცია მცენარეების შესახებ, მათი დახასიათება, მარტივი მოვლის წესები, სად უნდა დარგონ, როგორ მოუარონ… ხანდახან გვეკითხებიან და ჩვენც ვუზიარებთ სხვადასხვა მცენარის მოვლის შესახებ დამატებით ინფორმაციას.
ფეისბუქის გვერდს ჩემი გოგონა ხელმძღვანელობს, ის იღებს სურათებს, მოიძიებს ამა თუ იმ ინფორმაციას, პასუხს ერთად ვცემთ შეკითხვებზე, ასევე, შეძლებისდაგვარად, მეხმარებიან ახლობლებიც.
– რომელი ყვავილი გიყვართ?
ჩემი საყვარელი ყვავილი ვარდია, საოცარი მცენარეა, ულამაზესი, სურნელიც განსაკუთრებული აქვს, ტყუილად არ ეძახიან ყვავილების დედოფალს. ჩვენც გვაქვს ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვარდი, ახლახან ჩვენს ეზოში ხვიარა ვარდების ულამაზესი ხეივანი გავაშენეთ, ცნობილი სელექციონერების – ოსტინის, კოორდესის, ტანტაუს, მეიანების, ქარუთის ვარდებისაგან. სამომავლოდ, თუ გამოგვივიდა, ვეცდებით კალმით გამრავლებას.
– ჰობი…
– ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ჩემი პროფესიით არ ვსაქმიანობ და ჰობი გახდა ძირითადი საქმიანობა. ასე რომ, პროფესიაც და ჰობიც ყვავილებს და მცენარეებს უკავშირდება.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები