ოთარ ჩხეიძის რომანი „ცხრაწყარო“ მესამედ გამოიცა

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით გამოიცა ოთარ ჩხეიძის რომანი „ცხრაწყარო“, რომელიც ეძღვნება 1937 წლის ტრაგიკულ მოვლენებს. რომანს, რომელიც უკვე მესამედ გამოიცა და რომელიც ერთ-ერთი ნიმუშია ოთარ ჩხეიძის 24-წიგნიანი რომანების ციკლისა – „მატიანე ქართლისაი“, დაერთვის ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურის მკვლევარის ნონა კუპრეიშვილის ესეი – „ძნელად კითხვის ბედნიერება“.
„სიხარული, რომლითაც ოთარ ჩხეიძის ერთგული მკითხველი ჯილდოვდება, სხვა არაფერია თუ არა ძნელად კითხვის ბედნიერება, რომელსაც, ვფიქრობ, ცოტა რამ თუ შეედრება.
თავის დროზე, როდესაც თემატური არჩევნით (რომანები ხომ ჩვენი ყოველდღიურობის სიმახინჯეს, ჩვენს დაულაგებელ მეხსიერებას და მეტად ბუნდოვან მომავალს ეხებოდა) აშკარად კმაყოფილი ზოგიერთი თანამოკალმე მწერალს ჩასწორებაში, „სტილის გასადავებაში“ საკუთარ დახმარებას სთავაზობდა, როდესაც მას მკითხველისგან მწერლის გაუცხოების „ტრაგედიის ხელოვნურად შექმნაში“ სდებდნენ ბრალს, უფრო ადრე კი, ცხოვრების უცოდინარობაზეც მიუთითებდნენ, თამაზ ჩხენკელი მისთვის ჩვეული სიზუსტით წერდა: ამ სტილმა მკითხველი უთუოდ იმიტომ შეაწუხა, რომ მოჩლუნგებული აქვს განსხვავებულ სტილთა აღქმის უნარი. მისი გემოვნების დიაპაზონი ვიწროაო.
ვასილ ბარნოვისადმი მიძღვნილ წიგნში „რომანი და ისტორია“ ოთარ ჩხეიძე სადავოდ გამხდარ ორიგინალურ ხელწერასთან დაკავშირებით ბარნოვის მაგალითზე, ბარნოვისვე დახმარებით თავისი სამწერლო პოზიციის დეკლარირებასაც ახდენდა: „დიდ განზრახვას დიდი სტილი უნდა, დიდ სტილს დიდი ჯაფა, გულმოდგინე, თავაუღებელი შრომა“.
ამიტომაც დაუთქვა საკუთარ თავს, დამთავრდა ყოყმანის დრო, ამიერიდან რაიმე კომპრომისზე, არჩეული გზიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. ასე წარმოგვიდგა ოთარ ჩხეიძის სამწერლო ენა, სტილი მხატვრულ-პოეტურ პოზიციად და არა უბრალო ახირებად,“ – აღნიშნულია ნონა კუპრეიშვილის ესეიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები