დავით ქართველიშვილი: დასავლეთი „ინახავს” უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ
„ვინ არის რუსთემ უმეროვი (უკრაინის თავდაცვის მინისტრი) და რა კავშირი აქვს CIA-სთან თუ თურქეთის სპეცსამსახურებთან, ამის შესახებ თავის დროზე ვრცლად მოგახსენეთ, ამიტომ, აღარ მოგაწყენთ. ახლა დავკავდეთ იმ ვერსიებით, თუ რატომ არის, ფაქტობრივად, გაქცეული ქვეყნიდან და რა შეიძლება იდგეს ამის უკან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, დასავლეთი „ინახავს” უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსთემ უმეროვი პრაქტიკულად აღარ ჩნდება კიევში და ფაქტობრივად, გადავიდა აშშ-ში. მისი ხანგრძლივი გაუჩინარება უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ „სამუშაო ვიზიტს”. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ უმეროვი რამდენიმე ძალაუფლების ცენტრს შორის მოექცა, ხოლო ამერიკაში გამგზავრება მისი ბანალური სტრატეგიული თვითგადარჩენაა.
ვერსია პირველი – უმეროვი გახდა კონფიდენციალური საკომუნიკაციო არხი კიევსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ის იყო ერთ–ერთი მცირეთაგანი უკრაინელი მაღალჩინოსნებიდან, ვისაც პენტაგონში ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდში ენდობოდნენ და ვაშინგტონი მას შეიძლება იყენებდეს როგორც „მოლაპარაკებების ინსტრუმენტს” – ტრამპისთვის არასასიამოვნო “ზელენსკი/ერმაკის” ტანდემის გვერდის ავლით.
ვერსია მეორე – არსებითი მნიშვნელობა აქვს უკრაინის შიდა ფაქტორსაც. უმეროვი უკვე დიდი ხანია კონფლიქტშია პრეზიდენტის ოფისთან: მისი პიროვნული „ავტონომიურობა”, ამერიკულ სტრუქტურებთან პირდაპირი კონტაქტები და გენშტაბთან სიახლოვე, ზელენსკის ადმინისტრაციისთვის მას გადამეტებულად დამოუკიდებელ და უმართავ ფიგურად ხდიდა. პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისა და მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების პირობებში, დაბრუნება კიევში მისთვის საფრთხილოც კი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ვერსია მესამე – უმეროვი ფლობს დახურულ ინფორმაციას მობილიზაციის ჩავარდნებზე, სამხედრო შესყიდვებზე, კორუფციასა და დასავლური დახმარების გაუჩინარებულ ნაკადებზე. აშშ-სთვის ის შეიძლება ღირებული მოწმე იყოს, ხოლო პრეზიდენტის ოფისისთვის – ფატალური და უსიამოვნო რისკების მატარებელი.
ჯამში, მისი გამგზავრება სულ უფრო წააგავს უფრო ფართო გეოპოლიტიკური კომბინაციის ნაწილს: დასავლეთი „ინახავს” უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ. აქედან გამომდინარე, უმეროვი გაქცეული კი არაა, ის გადადის უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ ეტაპზე, როგორც შესაძლო შუამავალი, ან გარდამავალი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაწილე. მისი ხანგრძლივი ყოფნა აშშ-ში – ეს არა გაქცევა, არამედ, ახალი როლისთვის მომზადებაა”, – წერს დავით ქართველიშვილი.