არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს არის დეპოლიტიზებული

სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიში  ძალიან საქმიანი იყო, – ასე აფასებს „კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მიერ  პარლამენტში  დღეს წარდგენილ  წლიურ ანგარიშს.
თალაკვაძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა განსხვავება  თუ რა მიდგომები ჰქონდა  ყოფილ ხელისუფლებას აღნიშნულ სფეროში და რა მიდგომები აქვს არსებულ ხელისუფლებას დღეს.  მისი განცხადებით, დღეს არსებული მმართველი ძალა, ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით,  სწორ აქცენტებს სვამს და ცდილობს რეალურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს.
„ანგარიში არის ძალიან საქმიანი, საქმიან გარემოში მოხდა მისი განხილვა, ჩვენ  წინასწარ, თვეების განმავლობაში ვისმენდით ბევრ კრიტიკულ მოსაზრებას, რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და  ამ სამსახურის წარმომადგენლები არ მოვლენ  პარლამენტში და ანგარიშს არ ჩააბარებდნენ დეპუტატებს, თუმცა ვნახეთ, რომ სინამდვილეში  ჯერ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე მობრძანდა და დღეს უკვე პლენარულ სესიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების  ხელმძღვანელმა წარადგინა ანგარიში.
შესაბამისად,  ოპოზიციის მოლოდინები  აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი,  რომელსაც დღეს დაესვა წერტილი. არ შემიძლია არ გავამახვილო აქცენტი განსხვავებაზე –  როგორია დღეს  სახელმწიფოს მიდგომები  ამ სფეროში და როგორი იყო ადრე. წარსულში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა იგრძნობოდა ჩვენს  ოფისებში, მოქალაქეების საძინებლებში, ტყეებში გაკეთებულ სადამსჯელო ბუნკერებში, პოლიტიკაში, მედიაში – ყველგან იყო ჩარეული, სადაც  კანონმდებლობით ეს არ ევალებოდა. დღეს  ჩვენ ვხედავთ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, ხოლო ანგარიშში  რეალურად  საუბარია იმ თემებზე, რომლებიც  სახელმწიფო უსაფრთხოებასთან კავშირშია – ეს არის ბრძოლა ტერორიზმთან, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან, ბრძოლა კორუფციასთან, ბრძოლა რბილ ძალასთან, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან, ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს არის დეპოლიტიზებული“,- განუცხადა  „კვირას“ არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში  დასმულ შეკითხვებს, თალაკვაძის  თქმით, შეკითხვები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე დაისვა.
„შეკითხვები ეხებოდა მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად ისეთ თემებს  როგორიცაა ბათუმის მოვლენები, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, ტერორიზმის რისკები,  დაისვა შეკითხვები იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელებიც რეალურად რბილი ძალის მექანიზმებს იყენებენ საქართველოში. ყველა შეკითხვას კანონმდებლობის ფარგლებში ბატონმა გომელაურმა გასცა  პასუხი.  დახურულმა ფორმატმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ბევრად უფრო დეტალურად მოხდა  ამ საკითხების  განხილვა და ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. დღევანდელი  ანგარიშის მოსმენა იყო საპარლამენტო კონტროლის  მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უმოკლეს დროში დავაკომპლექტებთ ნდობის ჯგუფს, სადაც მმართველ გუნდს და ოპოზიციასაც ექნება  საშუალება, რომ კანონით დადგენილი წესით  მიიღოს  ინფორმაცია იმ საკითხებზე, რასაც ნდობის ჯგუფის მანდატი ითვალისწინებს. ვაპირებთ, რომ ეს მექანიზმიც გამოვიყენოთ ეფექტურად საპარლამენტო უფლებამოსილების განხორცილების  ფარგლებში“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები