ირაკლი სესიაშვილი: პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან “ოცნებას” არანაირი კავშირი არ აქვს

პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან “ქართულ ოცნებას” არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, ის, რაც პარლამენტში მოხდა მისასალმებელი არ არის.
“ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ვერ იქნება და საზოგადოება კარგად ხედავს ამ ყველაფრის მიზეზებს. “ქართულ ოცნებას” ამ ინციდენტთან მიმართებაში არანაირი კავშირი არ აქვს”, – აღნიშნა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მან არ იცის რა მოხდა ოთარ კახიძესთან მიმართებაში პარლამენტში.
“მე იმ ოთახში არ ვიყავი, ამიტომ არ ვიცი დეტალები, ფაქტია, რომ ერთი ადამიანი მეორეს ესვრის საკმაოდ მძიმე ნივთს”, – აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცველები კახიძეს გამოკითხავენ და შემდეგ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები