„ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში კონვერტი გააგზავნეს, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო
მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში კონვერტით დაუდგენელი შემცველობის მქონე თეთრი ფხვნილი გააგზავნეს. ამის გამო რედაქციაში საგანგებო სიტუაციათა და პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.
წერილი რედაქციაში დილით მიიტანეს, გამგზავნის მისამართზე ქალაქი გროზნო ეწერა.
„პოლიციელებმა კონვერტი ექსპერტიზაზე წაიღეს. რა ფხვნილი იყო ეს, უცნობია. იმედი გვაქვს, ვიღაც გაგვეხუმრა”, – განუცხადა „ბი ბი სის“ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტმა პაველ კანიგინმა.
ცნობისთვის, „ნოვაია გაზეტამ“ 1-ელ აპრილს ჩეჩნეთში გეების შევიწროების ფაქტების შესახებ სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „სინდისის მკვლელობა“. სტატიაში წერია, რომ ჩეჩნეთში ბოლო რამდენიმე კვირაში ასობით მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ჰომოსექსუალიზმში არიან ეჭვმიტანილები. ამის შემდეგ გაზეთის ჟურნალისტების მისამართით ჩეჩნეთის მაღალჩინოსნების და სასულიერო პირთა მხრიდან მუქარა გაისმა.