ედიშერ თოლორაია მხარს ზუგდიდის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის გაუქმებას უჭერს

ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც „თვითმმართველობის ოპტიმიზაციის პროექტის“ სახელით არის ცნობილი, ზუგდიდის შემთხვევაში, განსხვავებული ფორმით განხორციელდება. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის ოპტიმიზაცია ძალაში შევა, ზუგდიდი, თელავის, ოზურგეთის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისგან განსხვავებით, „ქალაქის“ სტატუსს შეინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაუქმდება და ის ქალაქის მერიას მიუერთდება. ეს ინიციატივა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც უნდა შეხებოდათ, მაგრამ როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, მაჟორიტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ შესაძლო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.
„ერთადერთი, ვისთვისაც თვითმმართველობის ოპტიმიზაცია ზემოხსენებული ფორმით აღმოჩნდა მისაღები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელი და ამჟამად პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია,“ – ამის შესახებ საპარლამენტო კულუარებში განაცხადეს.
წყაროს ვერსიით, თოლორაია ამ ინიციატივას მხარს იმიტომ უჭერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის გამგეობა გაუქმდება და მერიას მიუერთდება, მისი გამგებლობის დროინდელი ბევრი საქმე მიიჩქმალება.
ამასთან, საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიის სასარგებლოდ „მნიშვნელოვანი სამუშაო“ გასწიეს ქალაქ ზუგდიდის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, რომელსაც თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია და ასევე, ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას ძმამ, პაატა გოგოხიამ, რომელიც უმრავლესობის წევრია.
თუ პარლამენტის კულუარებში მოარული ხმებით ვიმსჯელებთ, თოლორაიამ საკუთარ თავზე აიღო ოპოზიციონერი დეპუტატების – ლაშა დამენიასა და თენგიზ გუნავას გაჩუმებაც.
„ზოგადად, ამ სამეულს დიდი საერთო აქვს ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან, როცა თოლორაია ე.წ. „ზონდერების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო,“ – ამბობენ კულუარებში და დასძენენ, რომ თოლორაიამ თითქოს დამენიასა და გუნავას სთხოვა, რომ ზემოხსენებულ საკითხზე მხოლოდ ზოგადი შეფასებები გააკეთონ და გამგეობისა და მერიის შერწყმაზე ყურადღება არ გაამახვილონ.
კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ თოლორაია უახლოეს პერიოდში გარკვეულ ბონუსებს ელოდება, რადგან 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში სანდრა რულოვსი დაამარცხა, მაგრამ ეს გამარჯვება ამ დრომდე სათანადოდ არ დაფასებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები