კახა კალაძე: მთავარია, ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება
“პროტესტი მათი მხრიდან იქნებოდა პოლიტიკური ნაბიჯი, თითქოს ბოიკოტს უცხადებდნენ საკონსტიტუციო კომისიას”, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.
მისივე თქმით, წინასწარ უკვე ცნობილი იყო, რომ გარკვეული არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავდნენ. კალაძის შეფასებით, ეს იქნებოდა მათი მხრიდან თითქოს ზიანის მიყენება საკონსტიტუციო კომისიაზე, იმის ხაზგასმა, თითქოს მათ ვერ შეძლეს და მოახერხეს მუშაობა, რაც აბსურდია. როგორც კალაძემ აღნიშნა, კომისიამ შრომატევადი სამუშაო გასწია.
„გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთავრობოები, კონკრეტული პიროვნებები ამის გაკეთებას გეგმავდნენ. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი, თითქოს ბოიკოტს უცხადებდნენ საკონსტიტუციო კომისიას. მთავარია ერთი – ცხადია, რომ კომისიამ მართლა იმუშავა, იყო შრომატევადი, მასშტაბური სამუშაო. ამ პროცესში სხვადასხვა ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები იყვნენ ჩართულნი. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ვენეციის კომისია როდესაც განხილვას დაიწყებს, ალბათ, იქნება რეკომენდაციები, შესაბამისად, იქნება ყველაფერი გათვალისწინებული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობის შედეგად მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც იქნება გასწორებული, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.