„მოქალაქეებს სურთ, თავად აირჩიონ პრეზიდენტი“- რა პრობლემებს ხედავენ „რესპუბლიკელები“ კონსტიტუციის ახალ პროექტში

„რესპუბლიკური პარტიის“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ კონსტიტუციის პროექტში ასახული კონკრეტული საკითხები და სახელისუფლებო გუნდის ინიციატივები გააკრიტიკა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ოპოზიცია ბლოკების აკრძალვის საკითხს უარყოფითად აფასებს. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის თქმით, უსამართლოა საპარლამენტო არჩევნებისას გაუნაწილებელი მანდატების გადაცემის წესიც.
„ხელისუფება ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას საპარლამენტო არჩევნების წესთან დაკავშირებით, ეს წესი არის ყველაზე უსამართლო. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად უნდა გადაეცეს ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიას . ამ ყველაფერს კიდევ ამძიმებს ბლოკების აკრძალვის იდეა და მათი არარსებობა. ქვეყანაში სრული სტაგნაციაა, არ ვითარდება ბიზნესი, ბიზნესი თავისუფლად არ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. ამ ვითარებაში, როგორ უნდა განვითარდეს პარტია? „- აცხადებს თამარ კორძაია.
კორძაიამ აქცენტი პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ სურს. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ახლა გაუქმება ერთი სუბიექტის ხელში ხელისუფლების სრულ კონცენტრირებას ნიშნავს.
„მოქალაქეებს სურთ, თავად აირჩიონ პრეზიდენტი და მათ წინაშე ანგარიშვალდებული პრეზიდენტი ჰყავდეთ. არ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი გამოიყენო იმისათვის, რომ მიიტაცო ძალაუფლება. პრეზიდენტის არჩევის წესის ახლა გაუქმება ერთი სუბიექტის ხელში ხელისუფლების სრულ კონცენტრირებას ნიშნავს. ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ეს ცვლილებები არ არის პოზიტიური. ეს არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში მრავალპარტიულობის განვითარებას“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები