თვის ბოლომდე თბილისის მეტროს 8 ვაგონი კაპიტალურად გარემონტდება

თვის ბოლომდე თბილისის მეტროს 8 ვაგონი კაპიტალურად გარემონტდება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა განახორციელებს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ვაგონების განახლება ეტაპობრივად, 2 თვის განმავლობაში მოხდება.
ამასთან, 2017 წელს იგეგემება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.
მერიის ინფორმაციით, მოდერნიზაცია მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას გულისხმობს – იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტის მიზანია მგზავრებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება. წლევანდელი გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაციის სამუშაოები.
სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ახლა 8 ვაგონის მოდერნიზება ხდება. პირველ ეტაპზე მოძრავი შემადგენლობა თვის ბოლოს შევა ექსპლოატაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესით მეტროპოლიტენის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები