სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები გია და მამუკა ნაჭყებიები, რომლებსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა.
სამართალდამრღვევები მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.
უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები