დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„მოამბისთვის“ ახალი პოლიტიკური გუნდის სავარაუდო წევრების რამდენიმე გვარიც გახდა ცნობილი.
დავით უსუფაშვილთან ერთად, გუნდში შესაძლოა აღმოჩნდნენ – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ისაკაძე, ვახუშტი მენაბდე, კოტე ჩოკორაია, დავით აფრასიძე.
დავით უსუფაშვილმა მათთან მოლაპარაკებების შესახებ დაადასტურა.
„ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ბოლო 3-4 თვეში. არ უარვყოფ, რომ შეხვედრები მქონდა იმ ადამიანებთანაც, რომლებზეც კითხვა დამისვით, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს გატყვით“, – განუცხადა უსუფაშვილმა „მოამბეს“.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ახალი პოლიტიკური გუნდის შესახებ განცხადებას დაახლოებით ერთ კვირაში გააკეთებს.
„უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ერთ კვირაში მოგახსენებთ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკურ ძალას ეყრება საფუძველი, რა ეტაპებს გაივლის ეს პოლიტიკური ძალა, ძირითადად რა პრინციპებზე იქნება აწყობილი.
აგრეთვე, მოგახსენებთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებშიც, ვინაიდან, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
რამდენიმე ხნის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემაც განაცხადა, რომ მას და დავით უსუფაშვილს, ყოველთვის ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ და თუ უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას დააპირებს, შესაძლოა, ახალ პოლიტიკურ გუნდში მასთან ერთად აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები