გიორგი მარგველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და ე.წ საელჩოს გახსნის შესახებ აღშფოთება გამოთქვა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმარს გამოხატული მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობას აღნიშნული ურთიერთობების განვითარების საკითხებში. საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობას საქართველო-ირანი-აზერბაიჯანის კონტექსტში და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გააქტიურებას.
გიორგი მარგველაშვილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.
„ჩვენ ამ რეგიონს ვუყურებთ, როგორც თანამშრომლობის რეგიონს და ნებისმიერი სახის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ირანის სავაჭრო პალატის და სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები