„ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც, თამბაქოს მოწევაც, ღვთის წინაშე მკვლელობის ცოდვაში გადის”

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც, თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ღვთის წინაშე ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ვარაზმა განაცხადა.
როგორც ზურაბ ვარაზმა პარლამენტში სხდომაზე აღნიშნა, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ვერ წვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის პრივატულ გარემოში, სახლში, ოთახში ეწევიან.
“ძალიან ძნელია ოჯახებში გაკონტროლება, მაგრამ ბავშვების დაცვა მნიშვნელოვანია. ბავშვები უდიდეს დროს სახლში ატარებენ, უმძიმესი და უსაშინლესი მაგალითია მშობლები, რომლებიც აბოლებენ და ბავშვს ეუბნებიან, რომ შენ არ მოწიო. ის ბავშვი აუცილებლად მოწევს. აქედან გამომდინარე, თუ ყურის აწევა, კუთხეში დაყენება არის ძალადობა, ესეც საშინელი ფორმა უნდა იყოს ძალადობის, ვიფიქროთ ამ საკითხზე”, – განაცხადა ზურაბ ვარაზმა.
საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეკლესია მზად არის ჩაერთოს პროცესებში და იმედოვნებს, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
“საქართველოს ეკლესია მზად არის და სხვა რელიგიური კონფესიებიც არ იქნებიან ჩამორჩენილი, სიხარულით ვებმებით ამ საქმეში. მე ვეწეოდი 18 წელი და 27 წლის წინ დავანებე მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით. არანაირი მკურნალობა არ დამჭირვებია, ვარ არამწეველი”, – აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები