ეკა ბესელია: საკონსტიტუციო კომისიაში ვერავინ ვერავის დაიჭერს

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ახალ კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატი კომისიიდან რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვისაც სურს, რომ წავიდეს, ვერავინ ვერავის დაიჭერს,
“ეს მთავარი ამბავი არ არის. მთავარი ამბავია ის, რაც მაგიდასთან ხდება, სადაც თითოეული მუხლი უფრო უკეთესი ფორმულირებით ყალიბდება და უკეთესი ცვლილებების განხორციელება ხდება. ალბათ, მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იქეთკენ, საბოლოოდ, როგორი კონსტიტუცია გვექნება. ვისაც სურს, რომ წავიდეს, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, რომ კონსტიტუცია ძალიან საამაყო და ღირებული დოკუმენტი იყოს, ის ბოლომდე ამ პროცესში იქნება ჩართული.
კონსტიტუციას ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს და ამ კონსტიტუციას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან საერთო სახალხო განხილვის შედეგად, საბოლოო ვერსია იქნება მხარდაჭერილი. ვარაუდების და ვერსიების გამოთქმა პროცესს ზიანს აყენებს, რადგან ამ დოკუმენტისადმი დამოკიდებულება ფრთხილი უნდა იყოს და არ შეიძლება, ვერსიებით პროცესს ზიანი მივაყენოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისეთი გარემო შეიქმნას, სადაც ყველას მოსაზრება პატივცემული იქნება”, – დასძინა ბესელიამ.
პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ბოლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ადამიანის უფლებების საკითხებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები