გუგული მაღრაძე: მოწევა უნდა აიკრძალოს ყველა დახურულ ადგილას, გარდა ოჯახისა

„ელექტრონული სიგარეტი ისევე მავნებელია, როგორც თამბაქოს სხვა სახეობები“, – ამის შესახებ გუგული მაღრაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს განიხილავენ.
მისივე თქმით, უნდა აიკრძალოს თამბაქოს არაპირდაპირი წესით პროპაგანდა.
„ვკრძალავთ თამბაქოს არაპირდაპირი წესით პროპაგანდასაც, მაგალითად, აქ შეიძლება იყოს ტკბილეული ან ისეთი სათამაშო, რომელიც თამბაქოს ნაწარმის იმიტაციას ახდენს. კანონის მიღების შემდეგ, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება ღია რეკლამით. დახურული უნდა იყოს „ბოქსები“. ახლა გამოფენილი რომ არის ნაირ-ნაირი სიგარეტები, დახურული უნდა იყოს. აიკრძალება ასევე, რეკლამა ბილბორდებზე. ხშირად ვითვლი ხოლმე 10 ბილბორდიდან რამდენზეა სიგარეტის რეკლამა, დაახლოებით 6-7-ზე არის სიგარეტის რეკლამა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავრობას აქვს შენიშვნა და ერთ-ერთი სარეკლამო ბიზნესს ეხება.
„იყო შენიშვნა მთავრობის მხრიდანაც, რომ ხომ არ დააზარალებს ეს სარეკლამო ბიზნესს. ამაზეც არსებობს კვლევები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ზიანი არ მიადგება. გვახსოვს გამოთქმა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება, ანუ ის ბილბორდები ცარიელი არ დარჩება, სხვა ტიპის რეკლამები წავა. ვაძლევთ დროს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც შეეგუოს სიახლეებს. გარდა ამისა, სხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გათავისუფლდება ბევრი ბილბორდი, სადაც მათ შეეძლებათ რეკლამის განთავსება. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ლატარიების და გათამაშებების მოწყობა, რაც ასევე რეკლამას წარმოადგენს, საჩუქრის გაცემა და ა.შ“, – აღნიშნა მაღრაძემ.
​ამასთან, დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობისას, განიხილეს, უნდა ჰქონდეთ თუ არა თამბაქოს მწარმოებლებს სპეციალური ვებგვერდი.
„ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და დავუშვით, რომ შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ უნდა იყოს ყველასთვის მიუწვდომელი. მისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ექნება პაროლი, შევა და მისი პროფესიონალური თუ სხვა ინტერესებიდან, სურს გაიგოს, რა ხდება ამა თუ იმ თამბაქოს კომპანიაში“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
​მისივე თქმით, მოწევა უნდა აიკრძალოს ყველა დახურულ ადგილას, გარდა ფიზიკური პირის ოჯახისა.
„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხშირად უნახავთ დოკუმენტური ფილმები, რომ ქირურგი აკეთებდა ოპერაციას, დამხმარე მიაწოდებდა სიგარეტს, ერთ-ორ ნაფაზს დაარტყამდა და მერე გააგრძელებდა ოპერაციას. მსგავსი რაღაც ჩვენთან არ ხდება და არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენთან არ ეწევიან. სკოლებმა მოახერხეს, სკოლის შენობაში, ეზოში არ ხდება მოწევა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში ასე არ არის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები