„საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი ეფექტური საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის გაეცნონ საქართველოს შესაძლებლობებს“

“დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან, მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად  უწყობს ხელს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას.
მიხეილ ჯანელიძემ და მოჰამედ ჯავად ზარიფმა სამხრეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები დადებითად შეაფასეს.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, კოლეგასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველო ირანის თანამშრომლობას სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, როგორც სახმელეთო – სარკინიგზო, ასევე, საზღვაო გადაზიდვების კუთხით.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, განავითაროს ეს მიმართულება და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიხატა სარკინიგზო გადაზიდვის ერთიან სატარიფო სისტემის დამკვიდრებაში, ასევე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის დასრულებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირების ზრდას ევროპის მიმართულებით.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბიზნესთანამშრომლობა დასახელდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებად. ხაზი გაესვა ამ მხრივ არსებულ დადებით დინამიკას, კერძოდ, მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ორმხრივი ვაჭრობა 50% -ით არის გაზრდილი, ირანული ინვესტიციების მოცულობა კი 90%-ით გაიზარდა.
„ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა საქართველოში, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის გამართვა, რომელშიც დელეგაციაში მყოფი ირანელი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს ფორუმი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის, გაეცნონ საქართველოს შესაძლებლობებს, ქართველ ბიზნესმენებს კი საშუალება მიეცემათ, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ირანელ პარტნიორებთან და განავითარონ შემდგომი საქმიანი კავშირები”, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები