საკრებულოს დეპუტატი „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარ ხანძარზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. როგორც გულიკო ზუმბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონიტორინგზე და ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი სწორედ ცენტრალური ხელისუფლებაა.
​ზუმბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებულია სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მას მსგავსი პრობლემის პრევენციის მიმართულებით მუშაობა არ დაუწყია.
„ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა აუცილებელი იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების იყო. სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება პრევენციული ღონისძიებების გატარება სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონიტორინგზე . მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებულია სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მას მსგავსი პრობლემის პრევენციის მიმართულებით მუშაობა არ დაუწყია. დედაქალაქში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები გაუმართავია. გარდა პრევენციული ღონისძიებებისა, აუცილებლად მიმაჩნია, გამოძიებამ საზოგადოებას გამოძიების შედეგები და ხანძრის გაჩენის მიზეზები ამცნოს“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
​რაც შეეხება კომპენსაციას, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, დაზარალებულებისთვის დახმარების სახით გაცემული 3 ათასი ლარი იყო ყველაზე ოპტიმალური თანხა, რომელიც შეიძლებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები