კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.
სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულუტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან – ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ციტადელი გეგმით წაგრძელებული ოვალია. სიგრძეში 100 მეტრია, სიგანეში კი ყველაზე განიერ ადგილას (30 მ.) კარგადაა მორგებული რელიეფს. განირჩევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ყველაზე ადრეული ფენა V-VI სს-ისაა, შემდგომი ფენა კი განვითარებულ შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI-XVII ს-ში დადიანების დროს ციხეს გადაკეთება განუცდია. ამავე პერიოდში, ციხე მათ ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები