არჩილ თალაკვაძე ბელგიის ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, დღეს, საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ბელგიის საპარლამენტო დელეგაციასთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„საქართველოს აქვს ბელგიის მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების პროცესში და ჩვენი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ დემოკრატიული გარდაქმნები, რეფორმები საქართველოში არის შეუქცევადი. საქართველოს არჩევანი ევროპულ ოჯახში და ევროპულ სივრცეში გაწევრიანების არის მტკიცე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, უკვე ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე აქტუალურია.
„ჩვენს კოლეგებს აქვთ იმის რწმენა, რომ ჩვენი გუნდი, ხელისუფლება, საქართველოში შეძლებს კიდევ უფრო მეტად განავითაროს დემოკრატია და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი უჩვენოს ევროპას, ვინაიდან, ეს მოლოდინები აქვს ევროპას, ხოლო ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს, იმიტომ, რომ ვიზალიბერალიზაციით არ მთავრდება ჩვენი გეგმები, ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ და მხოლოდ იწყება პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა,საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.
დღესვე დაგეგმილია ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები