რომან კაკულია დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დღეს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გურუმჩუს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადად საქართველო-თურქეთს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების და ამ პროცესში მხარეთა ვალდებულებების თაობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე საკითხების შესრულების მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება. ასევე რომან კაკულიამ ელჩს თხოვნით მიმართა, რომ მათი მხრიდანაც იმავე პასუხისმგებლობით იქნას შესრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც თურქეთის მხარეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულებით ეკისრება.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნესმენებს შორის არსებული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებაზე, ასევე საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, კონკრეტული პროდუქციის ჩამონათვალის მიმართ სატარიფო პოლიტიკის გადახედვის თაობაზე. ამით პოზიტიურად შეიცვლება არსებული სავაჭრო ბალანსი და გაიზრდება ჩვენი ქვეყნიდან გასული პროდუქციის წილი.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, „თურქეთთან ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისად მასთან ამ ურთიერთობების დახვეწასა და გაფართოვებაზე ვსაუბრობთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები