სოფიო ქაცარავა კიმ ინ ჰანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, კიმ ინ ჰანს შეხვდა. მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობასა და მათ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს კორეა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებზე.
კიმ ინ ჰანმა შეხვედრაზე, საკუთარი ქვეყანის ეკონომიკურ, ურბანულ და პოლიტიკურ განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და კორეის განვითარების, წარმატების გზებსა და არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე. მან ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბანგლადეშში, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, კორეის პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო, რაც მისივე თქმით, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურებოდა. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა კორეის, როგორც სტარტაპების მხარდამჭერი ქვეყნის გამოცდილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და ელჩს ზუგდიდისა და კორეის რეგიონების ტექნოპარკების დაძმობილების იდეა შესთავაზა.
სოფიო ქაცარავამ საქართველოსთვის კორეის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების წინაპირობა იქნება. „კორეის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით განათლების სფეროში. მოხარული ვარ, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ კორეაში მიიღონ განათლება. ეს ძალიან დასაფასებელია. ელჩთან შეხვედრა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების წინაპირობა იქნება”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაში, კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები