4-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

4-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომას კიევი მასპინძლობს. კომისიის სხდომა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გახსნეს.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას ენერგეტიკის სფეროში საერთო ინტერესები და ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.
” უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების მანძილზე, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს იმ მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ენერგეტიკული პროექტებისა, თუ მომარაგების წყაროების და რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. ეს ყველაფერი კი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის დარგში არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო ინტერესების დაცვას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია. „ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ტურიზმი რჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში უკრაინელი ტურისტების რიცხვი. ეს მაჩვენებელი გასულ წელსაც გაიზარდა და უკრაინას ამ სიაში უკვე მეხუთე ადგილი უკავია. მივესალმებით ჩვენს ტუროპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას. მსურს განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ არიან საიმედო პარტნიორები. “ასოცირების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერით, ჩვენ ერთად, მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან საბოლოო ინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ამ მხრივ, უკრაინამაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა როცა გასულ კვირას ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რასაც გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ევროპული პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნები, იმედი მაქვს, რომ წარმატებით ითანამშრომლებენ გახლავთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრი უკრაინა უკვე არის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორგანიზაციასთან მიერთების შესახებ პროტოკოლს და ენერგეტიკის ნაწილში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დიდი ნაწილიც მოვილაპარაკეთ. უახლოეს მომავალში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დასრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ჩვენ გავხდებით ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.“-განაცხადა კახა კალაძემ.
სხდომაზე მხარეები ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. კომისიის სხდომაში მონაწილეობენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ მიქაბერიძე და ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები