“როდესაც ”ნაციონალებს” და ”ყოფილ ნაციონალებს” კამერები მოშორდებათ, მათ კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ”

როდესაც ”ნაციონალებს” და ”ყოფილ ნაციონალებს” კამერები მოშორდებათ, მათ ხალისი ეკარგებათ კითხვების დასმის, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე განმარტებისას განუცხადა.
მდინარაძის განცხადებით, არის საკითხები, რომელზეც დაშვება მხოლოდ პარლამენტის წევრებს აქვთ და იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ, სხდომის დახურვა გადაწყდა.
”არ შეიძლება ნახევრად ხუმრობით არ აღინიშნოს, რომ როდესაც ”ნაციონალებს” და ”ყოფილ ნაციონალებს” კამერები მოშორდებათ, მათ ხალისი ეკარგებათ ხოლმე კითხვების დასმის და მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც რეალურად საინტერესოა პარლამენტისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც სუს-ის მხრიდან პოლიტიკურ დევნასა და უკანონო მოსმენებს ეხება და აღნიშნა, რომ ბრალდებების არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.
”უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების მოთხოვნა რამდენად ადეკვატურია პოლიტიკოსის მხრიდან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს და შესაბამისად პასუხიც გასცეს. პოლიტიკური მიზნებისთვის სუს-ის გამოყენებაზე და უკანონოდ მოსმენებზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ თავის დროზე იმ მართლა უკანონო, სისტემური მოსმენების წინააღმდეგ, რაც 2012 წლამდე იყო ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი დადასტურებული ფაქტი უკანონო მოსმენების არ არსებობს. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებსა და მოგონილ ფაქტებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს, პარლამენტის მანდატურის სამსახურის უფროსის გდაწყვეტილებით, საკომიტეტო დარბაზის გარდა მიმდებარე ტერიტორიაც დაატოვებინეს, ამ დროისთვის ჟურნალისტები კომიტეტის დარბაზის მიმდებარე სივრცეში კვლავ დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები