პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს ისმენს.
დეპუტატები სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. ცოტა ხნის წინ სხდომაზე ხმაური იყო. მიზეზი სხდომის დახურვასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა გახდა. მისი განცხადებით, სუს-ის ანგარიშის ნაწილი საიდუმლო საკითხებს შეეხება, რისი გახმაურებაც მიზანშეწონილი არ არის. სესიაშვილის აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააპროტესტა და სხდომის იმ ნაწილის დახურვა ითხოვა, რომელიც ღია და საჯაროა. „ჩვენ გთავაზობთ, რომ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა და იყო საჯარო და ღია, სხდომის ეს ნაწილი დავტოვოთ ღია, ის რაც საიდუმლო საკითხებს მოიცავს იყოს დახურული“, – მიმართა ნადირაშვილმა გაერთიანებული სხდომის ხელმძღვანელებს, რაზეც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ იგი დეპუტატების კითხვებს ვერ დაარეგულირებს. „მე ნამდვილად ვერ დავარეგულირებ იმის მიხედვით ვის შეიძლება ჰქონდეს ღია ინფორმაციასთან დაკავშირებული კითხვა და ვის დახურული. მე პირადად მაქვს უფლება, რომ დავსვა შეკითხვა. ნამდვილად არ დავიწყებ იმის კლასიფიკაციას, რომელი უნდა იყოს ღია და რომელი დახურული. რეალობა არი ის, რომ მათ შორის კითხვა და მისი შინაარსი იყოს იმდენად მგრძნობიარე, რაც უკავშირდებოდეს საიდუმლო ინფორმაციას და მან შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს“,- განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის ამ განცხადების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ მიმართა, თუმცა მას სიტყვა ოპოზიციონერმა კოლეგამ ირმა ნადირაშვილმა გააწყვეტინა და კორექტულობისკენ მოუწოდა. უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა უმრავლესობასთან ერთად სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წუთებში სუს-ის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები