ბექა ნაცვლიშვილი: სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი

“სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს.
​დეპუტატმა ქვეყნის პირველ პირს საზოგადოების გასაჭირზე მეტად ორიენტირებულობისკენ მოუწოდა.
„დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გარკვეული თვალსაზრისით, მაგონებდა 1990-იანი წლების დღის წესრიგს, სადაც წამყვანი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია. დღეს გვჭირდება ნამდვილი განვითარება, რადგან რაზეც პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, კი, მართალია – დიდია სოციალური უთანასწორობა, მაგრამ განვითარების გარეშე ამის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გვერგო ნეოლიბერალური სახელმწიფოებრივი წესრიგი, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტურად პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე. განვითარება სწორედ იმაში მდგომარეობს, რა ნაბიჯებიც ახლა იდგმება. შეიძლება, ჩანასახის მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ხდება სწორედ სახელმწიფოს როლის თავიდან გააზრება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ეკონომიკის წინაშე. სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი სოციალური უფლებების გამოყოფა კონსტიტუციაში და მასზე ხაზგასმა, რაც სხვა საკონსტიტუციო უმრავლესობაში შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აბსურდული 94-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან. აქედან გამომდინარე, ის საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, არ არის ერთ გუნდზე მორგებული საკონსტიტუციო მოდელი, ეს იქნება მუდმივა, რომელიც იქნება სასარგებლო ამ ქვეყნის მომავალი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები