თამარ ჩიბურდანიძე: მომდევნო 25 წლის მანძილზე, საქართველოში შემცირდება შობადობა, სიკვდილიანობა კი გაიზრდება

“2016 წლის დემოგრაფიული მონაცემები არის მძიმე, დემოგრაფიული კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ნეგატიური შედეგები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
​ჩიბურდანიძის ინფორმაციით, დემოგრაფიული კუთხით, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, გაზრდილია სიკვდილიანობა და შემცირებულია შობადობა. თამარ ჩიბურდანიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ 2018 წლიდან საქართველოში დაიწყებოდა 25-წლიანი ციკლი შობადობის შემცირების, მომდევნო 25 წლის მანძილზე, საქართველოში შემცირდება შობადობა და გაიზრდება სიკვდილიანობა. შემცირებული და განახევრებულია ბუნებრივი მატება. თუ 2015 წელს ეს იყო 10 000-ზე მეტი, ახლა არის 5000 მდე. შემცირებულია ასევე, ქორწინების რაოდენობა და გაზრდილია განქორწინების, ამის მიზეზი ის არის, რომ 80-იან წლებში საქართველოში დაიბადა განახევრებული ქალების რაოდენობა და სწორედ ეს ქალები შედიან ახლა დედობის ასაკში, ამიტომ ჩვენ ამას ვვარაუდობდით, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყებოდა შობადობის კლების გარდაუვალი ციკლი. ამ თემას პირდაპირი კავშირი დღევანდელ და გუშინდელ პოლიტიკასთან არ აქვს, ჩვენ ამ თემაზე მუშაობა გვიან დავიწყეთ, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა 2013 წელს, შედეგად მივიღეთ ის, რომ ბოლო 3 წელი სერიოზული წინსვლა გვქონდა, მაგრამ დღევანდელ მოცემულობას ვერ ავიცილებთ“, -განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თამარ ჩიბურდანიძე სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შედეგს საგანგაშოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 4 წლის წინ რომ არ დაწყებულიყო მუშაობა, დღეს საქართველოში ბუნებრივი მატება საერთოდ არ იქნებოდა.
„ჩვენ შევძელით სახელმწიფოსთან ერთად, ის, რომ 6000 ახალი სიცოცხლე შევმატეთ ქვეყანას, სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იმუშაოს ერთობლივად, აქ ვალდებულება მარტო ხელისუფლებას არ ეკისრება. პრემიერთან ერთად, უნდა შექმნილიყო სამუშაო გეგმა და სამოქმედო გეგმაც უნდა შემუშავდეს მომავალი 30 წლის, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. ჩვენ ილუზია არ უნდა შევიქმნათ იმისა, რომ ამ დეკადას ამოვავსებთ, რადგან ის გოგონები უკვე დაიბადნენ 90-იან წლებში, თუმცა უნდა გადავარჩინოთ ყველა ძალისხმევით ქართული გენოფონდი“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები