რატომ უნდა აიკრძალოს გარევაჭრობა – რა საფრთხეებს ხედავს “მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი პროდუქციის უკონტროლო რეალიზებაში​

საქართველოს კანონმდებლობით, გარევაჭრობა აკრძალულია, მიუხედავად ამისა, დედაქალაქის ცენტრალურ თუ გარეუბნებში მოქალაქეები კანონის დარღვევით ახორციელებენ პროდუქციის რეალიზაციას, რომლის ვარგისიანობაზე კონტროლი არ ხორციელდება. ამას მოწმობს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დახლების ქვეშ აღმოჩენილი გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები. კერძოდ, საუბარია ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ.
​იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში გარევაჭრობა კანონმდებლობით აკრძალულია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის კონტროლი არ ევალება. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, უვარგისი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, სურსათის ეროვნულ სამსახურს კანონით დადგენილი ზომების მიღება მაღაზიებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შეუძლია.
„საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარე მადონა კოიძე, აცხადებს, რომ ვადაგასული საკვები პროდუქტების აღმოჩენის ფაქტი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კოიძე მიესალმება ხელისუფლების მიერ გარევაჭრობის წინააღმდეგ დაწყებულ ღონისძიებებს. მისი თქმით, დედაქალაქის ქუჩებში გამოტანილი მალფუჭებადი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როგორც კოიძე აცხადებს, შეცდომაში არიან შეყვანილი მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გარემოვაჭრეებისგან პროდუქციას შედარებით იაფად ყიდულობენ.
„წლებია, ჩვენი ასოციაცია იბრძვის გარევაჭრობის წინააღმდეგ, მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამ პროდუქციის სათანადო პირობებში შენახვა არ ხორციელდება, არ არის უზრუნველყოფილი ტემპერატურული რეჟიმი, შესაბამისად, ეს პროდუქცია საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. მაგალითად, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორია, აბასთუმნის ქუჩა, ერთ დიდ ბაზრად არის გადაქცეული, არ ხდება ტერიტორიის დეზინფექცია, იქ გამოტანილი პროდუქცია სათანადო წესების დაცვით არ არის შენახული და ხდება ამ პროდუქციის უკონტროლოდ რეალიზაცია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პროდუქცია ქუჩაში ასე უკონტროლოდ იყიდებოდეს. ჩემთვის მიუღებელია ის აზრი, რომ გარემოვაჭრეები პროდუქციას შედარებით იაფად ყიდიან და ამიტომ ყიდულობს მოსახლეობა მათ მიერ გამოტანილ პროდუქციას. მოსახლეობა მოტყუებული რჩება, მართალია, ფასი არის ნაკლები, მაგრამ წონაში არის დიდი ცდომილება, მაგალითად, 1 კგ.- ზე 200 -250 გრამი. შესაბამისად, მომხმარებელი უფრო მეტს იხდის. ასევე, მიუღებელია კიდევ ერთი არგუმენტი, რომ გარევაჭრობა ევროპაშიც არის დაშვებული და რატომ არ უნდა იყოს საქართველოში? ევროპაში მხოლოდ ცალკეულ დღეებში და მხოლოდ სპეციალურ ადგილებშია დაშვებული გარევაჭრობა, ამ ადგილებში დაცულია პროდუქტების შენახვის წესები და შექმნილია შესაბამის პირობები, რაც ჩვენთან არ ხდება. იქ ვაჭრობის უფლება აქვს მხოლოდ ფერმერს და გლეხს და არა გადამყიდველს. გარევაჭრობა არ უნდა იყოს ბიზნესი.
„ბაზრების გაერთიანებამ“ მოაწყო გარემოვაჭრეებთან შეხვედრა, მათ გამოეყოთ შესაბამისი ადგილი ვაჭრობისთვის, თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები დიდ ბაზრად არ უნდა იყოს გადაქცეული. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიოზულად ირღვევა იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც გარევაჭრობაა ხორციელდება. საშინელი ანტისანიტარიაა, ამიტომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ ფანჯრის გაღებას და ოთახის განიავებას. ​​ხელისუფლების მიერ გარევაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები მისასალმებელია, გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განუცხდა „კვირას“ მადონა კოიძემ.
უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეწარმეები პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები