სოლომონ პავლიაშვილი: საქართველომ მოქნილი ანტიდემპინგური კანონი უნდა მიიღოს

თებერვალში, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,4% შეადგინა, ეკონომიკის რომელმა დარგებმა შეიტანა წვლილი GDP-ს ზრდაში? – ამ თემაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნეს კოდში“ გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკონომისტმა სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაცია საკმაოდ მაღალი იყო და ეს მოსახლეობას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა, ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, პროვოცირებას არ აჰყვა და ყველაფერი ისე გააკეთა, რასაც თავისუფალი ფასთწარმოქმნა და კონკურენცია მოითხოვს. ამან დადებითი მოლოდინი შექმნა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, არამედ, ეკონომიკური თეორია ისეთ შემთხვევებს ნაკლებად იცნობს, როცა დევალვაციის დროს ინფლაცია არ ხდება. ამიტომ, სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ იმპორტიორები ხელისუფლებას ენდნენ და ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები არ გააჩინეს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და დასძინა, რომ მართალია, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 102 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს საგანგაშო არაა.
პავლიაშვილის თქმითვე, გალარების პოლიტიკაც, კრიტიკოსთა შეფასების მიუხედავად, პოზიტიური იყო. „ყველაფერმა ამან კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გამოიწვია,“ – აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და იქვე, ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ქვეყნებიდან ასეთი ზრდა მხოლოდ საქართველოს აქვს.
როგორც სოლომონ პავლიაშვილმა „ბიზნეს კოდში“ განაცხადა, მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად, ექსპორტიც გაიზარდა
„ექსპორტში 16 პროცენტი სპილენძს უკავია, შემდეგ, 8-9 პროცენტით, ფეროშენადნობი მოდის. ღვინის ექსპორტში კი 6-პროცენტიანი ზრდაა. საერთოდ, გასულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 61%ით არის გაზრდილი, რაც შთამბეჭდავია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, საქართველომ მონეტარული პოლიტიკის კუთხით სწორი ნაბიჯები გადადგა და ერთი-ორი გაუგებრობის მიუხედავად, ეკონომიკური პოლიტიკა მდგრადი და სტაბილურია.

„ხელისუფლება ცდუნებას არ აჰყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.
გარდა ამისა, სოლომონ პავლიაშვილმა საგარეო ვალის გასტუმრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დაახლოებით, 272-მილიონიან პროგრამას აკეთებს.
„როცა სავალუტო ფონდი ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესშიც გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება, ანუ ბიზნესში სიმშვიდეა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამ დევალვაციის პირობებში, 2016 წელს, საქართველოში, ინვესტიციის სახით, მილიარდ 400 მილიონია შემოსული, თან ინვესტიცია მხოლოდ კომუნიკაციის კი არა, იგივე განათლების სფეროშიცაა ჩადებული. ინვესტირება ცოტა სოფლის მეურნეობაში ჭირს. საერთოდ, სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში რეგულირებადი დარგია. მართალია, მთლად რეგულირების მომხრე არ ვარ, მაგრამ რაღაც პერიოდში, რეგულირება ჩვენც მოგვიწევს, თუმცა საერთაშორისო კომპანიები ამ კუთხითაც კარგად მუშაობენ და მხოლოდ საგარეჯოს რაიონში, ოთხი წლის განმავლობაში, 1400 ჰ ვენახი გაშენდა,“ – აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ სოფლის მეურნეობის ახალ სტრატეგიასაც შეეხო და დასძინა, რომ ერთჯერადი კომპენსაციის მომხრე არ არის.
„თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ვერც დემპინგურ ფასებს დავაწესებთ და ვერც იგივე თურქეთიდან რამე პროდუქციის შემოსვლას შევზღუდავთ. საერთოდ, დემპინგის პრობლემა ევროკავშირსაც უდგას. ამიტომ საქართველოში მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური სამსახურის გააქტიურება. მესმის, რომ ეს სამსახური ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ მისი მხრიდან პრევენცია მაინც უნდა იგრძნობოდეს. ამასთან, საქართველომ მოქნილი ანტიდემპინგური კანონი უნდა მიიღოს,“ – მიიჩნევს სოლომონ პავლიაშვილი.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, პავლიაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტრო კომპლექსური ხასიათის დარგია, რომელიც მოიცავს, როგორც ინჟინერიას, ასევე, სოციალური მიმართულებასაც და ეკონომიკაც საკმაოდ მოცულობითაა წარმოდგენილი.
„ბოლო დროს სამინისტრომ მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გაააქტიურა და ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს ბუნებრივი რესურსების გენერაცია,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და დასძინა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს კანონმდებლობის, გარემოს დაცვის მიმართულებით, ევროკავშირთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოხდეს. კერძოდ, მისი თქმით, უკვე შესულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კოდექსი, ასევ, მიდის ინტენსიური მუშაობა ბიომრავალფეროვნების კანონსა და ტყის კოდექსზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები