იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის

„მექნებოდა ასეთი ინიციატივა, რომ მოსამართლემაც, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა, იგრძნოს თავი დაცულად“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ.
იუსტიციის საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ინიციატივიასთან დაკავშირებით სხდომაზე დეპუტატებს დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.
„დღის წესრიგში დგას და რაც დრო გადის უფრო მწვავე ხდება საკითხი მოსამართლის დაცულობის შესახებ. ჩვენ აქ შეგვახსენეს, რომ ყველა საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება. ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ღირსება. ჩვენ სასამართლო დარბაზებში ძალიან ეფექტური საშუალებები გვაქვს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ცდილობს ჩაშალოს პროცესი ან შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს, გავცეთ შესაბამისი პასუხი კანონის ნორმებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ხდება სასამართლოს პროცესების გარეთ და იმ ფორმებით და ისეთი წითელი ხაზების გადალახვით, რომელიც არა მხოლოდ მოსამართლის პირად ღირსებას ლახავს, არამედ იმ საზოგადოებისაც, რომელსაც სწამს, რომ მოსამართლე არ არის ისეთი უღირსი, როგორსაც კონკრეტული პირი წარმოაჩენს, ალბათ, სასურველია ვიფიქროთ, სად გადის ის ზღვარი, სადაც მოსამართლეს აკრიტიკებენ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და როდესაც მოსამართლეს აკრიტიკებენ არა სამართლებრივი, არამედ შეურაცხმყოფელი, თითქმის აუტანელი სხვადასხვა ეპიტეთებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც ადამიანურ ზნეობასთან, არც კულტურასთან. მე უბრალოდ მექნებოდა ასეთი ინიციატივა, რომ იქნებ ვიფიქროთ, იყოს რაღაც კანონისმიერი რეგულაცია, რომ მოსამართლემაც, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა, იგრძნოს თავი დაცულად. რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულებების ზღვარს მიღმა ვსაუბრობ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა.
მისივე განმარტებით, მოსამართლე, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოების გამორჩეული წევრია და მას შესაბამისი დაცულობა სჭირდება. „აქ ითქვა, რომ საზოგადოების სხვა წევრებმა რა თქვან მაშინ, როცა ისინი მხოლოდ სამოქალაქო ინსტრუმენტებით არიან აღჭურვილები, ხოლო მოსამართლე ითხოვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას მისი შეურაცხყოფისათვის. ასე არ არის, მეგობრებო – საზოგადოების სახეა სწორდ მოსამართლე, საზოგადოების გამორჩეული ნაწილია მოსამართლე თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და მას სჭირდება შესაბამისი დაცულობა ამ კუთხით. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. ჩვენ თმენის ვალდებულების გაგრძელებაც შეგვიძლია, მაგრამ თუ გვექნება საერთო აზრი, რომ გავავლოთ რაღაც ზღვარი მოსამართლის საქმიანობის სწორ, არგუმენტირებულ კრიტიკას და პიროვნულ შეურაცხყოფას შორის, რომელშიც ჰყვებიან მოსამართლის ოჯახის წევრები, მოსამართლის პირადი ცხოვრების გასაჯაროება ხდება და ა.შ., მაშინ მადლობელი დაგრჩებით, რომ დისკუსიის საგნად მაინც იქცეს ეს. ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ თმენის ვალდებულება გაქვთ და ყველაფერი უნდა ითმინოთ, ჩემი სუბიექტური აზრით, სწორი არ არის“, – დასძინა გაბინაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იზღუდებოდეს, თუ ის კონკრეტული მოსამართლის რეპუტაციას ლახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები