სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

????????????????????????????????????
ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, სტანისლავ გროსპიჩს შეხვდა.
ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურა. სტანისლავ გროსპიჩმა სოფიო ქაცარავას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს, ჩეხეთის სახით, ერთგული მეგობარი და პარტნიორი ჰყავს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მხრივ, სამომავლო ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა, ერთობლივად, მრავალი წარმატებული რეფორმის განხორციელებას შეძლებენ.
სოფიო ქაცარავამ სტანისლავ გროსპიჩს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესზე მეტყველებს საქართველოში შემოსული ტურისტების მზარდი დინამიკაც. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები