ირაკლი კობახიძე ჩინეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენგ ჩანგჭის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს ისიც, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. მხარეების განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ხალხთაშორისი ურთიერთობებიც.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში და „ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა იყო. როგორც მხარეებმა, განაცხადეს, აღნიშნული პროექტი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. შეხვედრაზე გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი,პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები