საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის ფორმატს განმარტავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატის შესახებ ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს. გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატები ყველა შემთხვევაში გაიმართება. თუმცა, მისივე თქმით, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს დებატები, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
​მისივე განმარტებით, დებატები ჩატარდება შემდეგი ფორმატით: უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემათ 45 წუთი. ფრაქციები, რომლებიც არ არიან არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში და ასეთი ორი ფრაქციაა, მათ ექნებათ 15-წუთიანი გამოსვლები. ფრაქციები, რომლებიც არიან უმრავლესობის და უმცირესობის შემადგენლობაში, მათ მიეცემათ სავარაუდოდ 10-10 წუთით გამოსვლის საშუალება და როგორც კახიანმა განმარტა, ამ საკითხზე კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები.
რაც შეეხება დეპუტატებს, რომლებიც არც უმრავლესობაში არიან და არც უმცირესობაში, კახიანის განცხადებით, 5 წუთი ექნებათ იმისათვის, რომ მიმართონ პარლამენტს და პრეზიდენტს. პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა 15 წუთით გამოვიდნენ.
”ეს იქნება დებატების ფორმატი, რიგითობა ცალკე ბიუროს მიერ იქნება გადაწყვეტილი და განსაზღვრული. ყველაფერი დაიწყება პრეზიდენტის გამოსვლით. ამის შემდეგ გამოცხადდება ორსაათიანი შესვენება და შემდეგ გაიმართება დებატები და ყველაფერი დასრულდება პრეზიდენტის საბოლოო გამოსვლით, ის შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს პარლამენტს”, – განაცხადა კახიანმა.
​პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები