ირაკლი კობახიძე სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე დღეს სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, მელვინ ბოუვას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ სურინამი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. მხარეები, ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სურინამის მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. ირაკლი კობახიძემ მელვინ ბოუვას სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო და საქართველოს პარლამენტის სახელით, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეები გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები