საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ჰელმენ კუტის შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ქართულმა მხარემ ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჰელმენ კუტიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს. ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხო.
მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები