არჩილ თალაკვაძე: ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული

​საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მთელ საქართველოს, ყველა თანამოქალაქეს უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. დეპუტატმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. თალაკვაძის თქმით, მათი დამსახურება ძალიან დიდია იმაში, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობა.
„ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული. უვიზო რეჟიმი საქართველოს უხსნის ახალ შესაძლებლობებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ მიმოსვლა, არამედ ეს არის ყოველდღიური კონტაქტი ევროპასთან. ევროპამ საქართველო აღიარა თავისი ტრადიციებით, თავისი აწმყოთი და ევროპული მომავლით. ეს არის დადასტურება იმისა, რომ რეფორმები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ამ წლების განმავლობაში, ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, დემოკრატია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მისაღები ევროპისთვის. ამით ყველაფერი არ სრულდება, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროინტეგრაციისკენ და ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების თანმიმდევრულ განხორციელებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის სისტემა ჩაირთვებოდა, საქართველომ მოამზადა წინასწარ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, კერძოდ, ეს არის თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით – დიპლომატიური მიმართულებით, ასევე, საპოლიციო სფეროში, მიგრაციის მართვის თვალსაზრისით და რეადმისიის მიმართულებით.
​„ეს არის ის მექანიზმები, რომელიც საქართველოს, ევროკავშირთან ერთად, მისცემს შესაძლებლობას, რომ რეაგირება მოახდინოს უვიზო რეჟიმის წესების თითოეულ დარღვევაზე. მოხდება იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც დაარღვევენ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ წესებს და ბუნებრივია, მოსახლეობამ უკვე იცის, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეზღუდებათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შენგენის ზონაში შესვლა და ასევე, მოუწევთ საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა, რაზეც მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია. საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება, პარლამენტის წევრებიც ჩავერთვებით აქტიურად და კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს მივაწვდით ინფორმაციას იმ სიკეთეების შესახებ, რაც ახლავს ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, იმ წესების შესახებ, რომელიც უნდა დავიცვათ. საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე, თითოეული მოქალაქის პატივისცემაზე კანონის მიმართ და თითოეული მოქალაქის წარმომადგენლობაზე ევროპაში. როგორც მოვიქცევით ევროპაში, რამდენადაც დავიცავთ კანონს, რამდენადაც პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, იმდენად სწრაფად წავა საქართველო წინ და მოახდენს ინტეგრაციას უკვე ევროკავშირში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები