საბერძნეთის პრემიერი: საბერძნეთში უვიზოდ მოგზაურობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას

“საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”, – ამის შესახებ ალექსის ციპრასმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით”,- განაცხადა ალექსის ციპრასმა.
საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე, ძალაში შევიდა.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.
საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლება.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას 2 თებერვლის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა დეპუტატმა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა. მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება, მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები