გიორგი მარგველაშვილი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს

“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან, რაიმონდს ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას აძლიერებს, ავითარებს ევროპული მიმართულებით, იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ყველა ისარგებლებს.
„მე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენს შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს. არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ იმ სირთულეების გადაწყვეტა, რომელიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს შორის, უნდა მოხდეს აუცილებლად მშვიდობიანად და აუცილებელად იმ ფორმატსა და ტრადიციაში, როგორშიც ევროპული სახელმწიფოები წყვეტენ ამ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი – ყველაფერი უფრო გვაახლოებს ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და ამ პოლიტიკური კულტურის ფარგლებში, სირთულეების გადაწყვეტის ფორმატებს. მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ემოციის და შესაძლოა, ტკივილის გადაბიჯების მეშვეობით, მივალთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ხედვამდე და ამას განვახორციელებთ აუცილებლად ერთად“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები