„ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“​

 ​”დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსის ციპრასმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა სიმბოლური უწოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთში ვიზიტს, რომელთანაც საქართველოს საუკუნოვანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.
მისი თქმით, ასევე სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას იმ დროს მოეწერა ხელი, როდესაც ევროკავშირის საბჭოს საბერძნეთი თავმჯდომარეობდა.
“დღევანდელ ვიზიტს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ჩემთან ერთად ათენში იმყოფებიან ჩემი ქვეყნის სტუდენტები – საქართველოს მომავალი თაობა. ის სიკეთე, რაც შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მოაქვს, სწორედ რომ მათ და საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ღრმად მწამს, რომ ამ თაობას დიდი მომავალი აქვს და ისინი ღირსეულად შეძლებენ, გააგრძელონ ქვეყნის შემდგომი აღმშენებლობის პროცესი, რომელიც, მჯერა, რომ აუცილებლად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნება ჰქვია,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ბიძგია საქართველოში წარმატებული რეფორმებისა და ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გასატარებლად. მანვე ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებებს, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების ზედმიწევნით დაცვა.
“ამ მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ჩვენი მიზანი უცვლელია – აქტიურად ვაგრძელებთ რეფორმებს იმისათვის, რომ ქვეყანაში დავნერგოთ ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტები და ნორმები ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელების გზით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საბერძნეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი განმარტებით, წელს ასევე აღინიშნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბერძენ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
“ყურადღება გავამახვილეთ სექტორული თანამშრომლობის გააქტიურებაზე და განსაკუთრებით, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ მხრივ, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია და ვაპირებთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ძალიან ნაყოფიერია ურთიერთობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი კულტურული საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყოს კიდევ უფრო ფართო და ჩვენი პარტნიორობა იყოს გაცილებით ღრმა. პირველი ნაბიჯის იქნება მაისის ბოლოს ორმხრივი თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა აქ, საბერძნეთში, სადაც საფუძველს ჩავუყრით სრულიად ახალ, თვისობრივად, ხარისხობრივად, მასშტაბებით განსხვავებულ თანამშრომლობას საქართველოსა და საბერძნეთს შორის,”-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,”-განაცხადა ალექსის ციპრასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები