ირაკლი კობახიძე: ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არამარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა

საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედება მიულოცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა.
„ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა.
წლების განმავლობაში პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთივე შემართებით განვაგრძობთ სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არამარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არამარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს დაფუძნების 60 წლისთავს – მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის მშენებლობის 60 წელს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოცნებას და მისწრაფებას – მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ თანამედროვე ევროპის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის და წავახალისოთ ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალ ევროპასთან თავისუფალ მიმოსვლას და ვუსურვებ ერთსულოვნებას ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები