გიორგი მარგველაშვილი: ევროპული ხედვის კონტექსტში, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს

“ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხედვის კონტექსტში, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავის ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა რაიმონდს ვეიონისს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის.

„ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის მართლაც გამორჩეული მეგობარი და მე პირადად, მინდა, მას მადლობა ვუთხრა საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომელსაც საქართველო და ლატვია ავითარებს.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც გაგრძელდება.

ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით, სამხედრო სფეროში. მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც ეს შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობას. ამ მიმართულებით, მართლაც ძალიან საინტერესო პროექტები არის შესაძლებელი და ერთიანი ხედვა, დარწმუნებული ვარ, მიგვიყვანს ამ პროექტების განხორციელებამდე. იმ გზაზე, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რომლის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, რეალურად, ჩვენ გვაქვს ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა.

ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები