„დევნილები ხომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ბრუნდებიან შინ!..“

სამაჩაბლოს  ულამაზეს და ისტორიულ სოფელ აჩაბეთში დაიბადა. დიდი ტკივილის და დევნილობის მიუხედავად, მისი ბავშვობა დღემდე არ კარგავს ფერადოვნებას. ლექსებით და ფიქრებით ისევ მშობლიურ სანახებშია. ამბობს, რომ ცხინვალმა სული დაკარგა!
„ცხინვალი, დღესაც, ჩვენი სულიერების  გზაჯვარედინი და  ჩვენი ტკივილის დასაწყისი და დასასრულია“!..
უქართველოდ დარჩენილი კი, უთავო მხედარი და შვილების დაბრუნების მოლოდინით გარინდული ქალაქია!
მომავალ თაობას რომ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, ისტორია უნდა იცოდეს. ამ მიზნით გამოიცა წიგნი „აჩაბეთი და აჩაბეთელები“. პატრიარქის კურთხევით ხატიც დაიწერა.
მისი დევიზია: „სიტყვა ღმერთია. ჩვენ დავბრუნდებით“… – პოეტ ციცინო ბაბუციძის პერსონა.

 – სამაჩაბლოს ულამაზეს სოფელში,  აჩაბეთში დავიბადე. ვახუშტი ბაგრატიონი აჩაბეთის შესახებ გადმოგვცემს: „თამარაშენს ზეით ერთვის (მდ. ლიახვს) თირის მონასტრის ხევი. ამ ხევზედ, გორის ძირს, არს აჩაბეთი, სასახლე და ციხე მეფეთა“ (ქც 4: 370,25, 371,1).
მდებარეობს ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფლების, ზემო და ქვემო აჩაბეთის ტერიტორიაზე.
VII ს-ში აჩაბეთის სახელს ატარებდა ხევი, რომელიც მოიცავდა დიდი ლიახვის შუა და ზემო წელს (გვასალია 1983: 109). „ქართლის ცხოვრებაში“ მოიხსენიება „გზა აჩაბეთისა“, რომელიც ქართლს დვალეთთან (შიდა ქართლის მთიანეთთან) აკავშირებდა (ქც 2: 456,19).
ქართლის მეფე ლუარსაბ I (1525-1556) სპარსელებთან ბრძოლისას აჩაბეთის ციხეს აფარებდა თავს (ქც 2: 507,11). გივი ამილახვარის აჯანყების დროს (1742-1745) ქართლ-კახეთის მეფეებს – თეიმურაზ II-სა (1744-1762) და ერეკლე II-ს (1744-1798) რამდენჯერმე მოუხდათ აჩაბეთის ციხის აღება. 1759 წ. ლეკებმა იქაურობა ააოხრეს და იქიდან მრავალი ტყვე წაასხეს (ხერხეულიძე 1989: 58). აჩაბეთიდან მომდინარეობს ლიახვის ხეობის ფეოდალთა – მაჩაბელთა გვარი (გვასალია 1983: 108).
…დიდი ლიახვის ხეობაში დაიბადა და მოღვაწეობდა დიდი საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი, შემდგომში, ბედის უკუღმართობით უგზო-უკვლოდ გადაკარგული ივანე მაჩაბელი.
მისი სახლ-მუზეუმი არაერთგზის იავარქმნა  ქართული სულიერების დანაწევრების მოსურნე მტერმა და აკი, მიაღწია კიდეც მიზანს – 2008 წლის 8 აგვისტოს ომმა, პირისაგან მიწისა, აღგავა  ჩვენი ულამაზესი ხეობა… ჩვენი თანამემამულის, გიორგი ოქრუაშვილის თანადგომით ოთხ ტომად გამოიცა ,,იქითა საქართველოში“ დარჩენილი ციხე-კოშკებისა და ტაძრების აღწერილობა… ეს არის ჩვენი შეულამაზებელი, გაუყალბებელი ისტორია, ჩვენი იურიდიული საბუთი! ვალდებულნი ვართ, მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა… მათ უნდა იცოდნენ, რა დარჩა იქ ღირებული და რისთვის უნდა დაბრუნდნენ უკან!
– მშობლები…
– მამაჩემი, დავით ბაბუციძე, მწყემსი იყო. დედა, მარიამ დემურიშვილი და ანა ბებო კოლმეურნეობაში მუშაობდნენ. ოთხი და-ძმა ვიზრდებოდით  ოჯახში. მე უფროსი ვიყავი, მათ აღზრდაში ვმონაწილეობდი და შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არ მახსოვს, რომ ოდესღაც მეც ვიყავი პატარა… ანა ბებო მორწმუნე იყო. უამრავი ხალხური ლექსი და თქმულება  ზეპირად იცოდა… ვახუშტი კოტეტიშვილს გამოვუგზავნეთ ერთი ლექსი. სულ მალე პირველი ხარისხის დიპლომი მოგვივიდა – იშვიათი ფოლკლორული ნიმუშისთვის!
ჩემი ბავშვობა, მიუხედავად მეტ-ნაკლებად გაჭირვებული ყოფისა,  დღემდე არ კარგავს ფერადოვნებას და, საბედნიეროდ, ჩემი სულის და შემოქმედების საგზალიც სწორედ ის არის…
– სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ ცხინვალში. იქ გაიარა თქვენმა ახალგაზრდობამ. რით იყო სტუდენტობა გამორჩეული?
– საინტერესო წლები იყო. საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, დღისით – ვმუშაობდი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა დავვოჯახდი. ურთულესი პერიოდი მქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი შვილი, ლევანი დაიბადა… ოჯახი მეხმარებოდა ბავშვის მოვლაში:  კინოშიც მიშვებდნენ, თეატრშიც, დაბადების დღეებზეც… ჩემი მეგობრები ოჯახშიც ხშირად მსტუმრობდნენ და, ასე თუ ისე, სტუდენტური ცხოვრება მაინც ინარჩუნებდა სილაღეს. ოსი ეროვნების ლექტორებიც გვყავდა და თანაკურსელებიც. მაშინ, თემა, ქართულ-ოსური ურთიერთობა არ არსებობდა… კონფლიქტის შემდეგ  განვასხვავეთ ერთმანეთი!..
–  ცხინვალი ძალიან კოლორიტული ქალაქი იყო… როგორ ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები?
– ყოველ ერს, ქალაქს, სოფელს  თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქვს. ცხინვალი, თბილისივით, მრავალეროვანი ქალაქი გახლდათ: ქართველები, ოსები, რუსები, ებრაელები, სომხები… საერთო ჯამში, ერთ დიდ, ლამაზ ოჯახს შევადგენდით და ჩვენი ადათ-წესების გათვალისწინებით სათანადო პატივს მივაგებდით ერთმანეთს.
ქართველებმა და ოსებმა მიიღეს და შეითვისეს ერთმანეთი, მაგრამ,  საუბედუროდ, ორივე ერის ეს კავშირი მყარი, საიმედო არ აღმოჩნდა… ,,ჩვენს ომში“ გამარჯვებული მხარე არ არსებობს, რადგან პაპები ესროდნენ შვილიშვილებს, დისშვილები – ძმისშვილებს, ბიძაშვილები – მამიდაშვილებს, ძმები – დებს… ამ მდგომარეობის შესატყვისი სახელი, უბრალოდ, არ არსებობს!
სამწუხაროდ, არავის, არც ერთ ერს, რომელიც ამ პატარა წალკოტში ცხოვრობდა, არ ეყო გონიერება, შეეჩერებინა სიძულვილის მდინარე, რომელმაც წალეკა:  ზნეობა, სიყვარული, მეგობრობა, სამართლიანობა, ნათელმირონობა, მეზობლობა, ნათესაობა…
ძნელად თუ მოიძებნება ორი ისეთი ერი, ასეთი მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა რომ  ჰქონოდა  ერთმანეთთან… ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამე ოჯახს ან რძალი ჰყავს ოსი, ან სიძე და – პირიქით… აღარაფერს ვამბობ ნათელ-მირონზე, რომლითაც ყველაზე მეტად მოგვწონდა თავი; არც ლხინის, არც ჭირის სუფრა უერთმანეთოდ არ ჩაივლიდა.
ცხინვალი იყო ყველაზე მშვიდი, კოპწია, მყუდრო ქალაქი, სადაც ყველა იცნობდა ერთმანეთს და საურთიერთობო ენად საჭირო დროს ხან ქართულს იყენებდნენ, ხან – ოსურს, ხან – რუსულს.  ოსები ქართველებთან ერთად ქმნიდნენ და ავითარებდნენ თანამედროვე კულტურას და ხელოვნებას. თავსმოხვეული  კონფლიქტის გამო ქართველებმა დატოვეს ქალაქი… ოსების დიდმა ნაწილმაც აღარ ისურვა ქალაქში დარჩენა და რუსეთში გადაიხვეწა…
ცხინვალმა სული დაკარგა! ქართული და ოსური ცეკვა-სიმღერა ერთად ქმნიდა საოცარ, დახვეწილ ცხინვალურ კოლორიტს…
ცხინვალს ყოველთვის ჰქონდა სათქმელი!
ცხინვალს ჰქონდა ღირსება!
ცხინვალში ფასობდა პატიოსნება!
ცხინვალი იყო სიყვარულის ქალაქი! ევროპული…
ცხინვალელ ხალხს ჰქონდა უდიდესი სულიერი სიმაღლე!
ცხინვალი, დღესაც, ჩვენი სულიერების  გზაჯვარედინია!
ცხინვალი,  ჩვენი ტკივილის დასაწყისი და დასასრულია!
ცხინვალი,  უქართველოდ დარჩენილი, უთავო მხედარივით ომის რაშზე ამხედრებული რაინდივით, მის გულზე გაზრდილი შვილების დაბრუნების მოლოდინით გარინდული ქალაქია!
– ცხინვალის სიამაყე იყო ივ. მაჩაბლის სახელობის ქართული თეატრი, რომელსაც ახლა თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი…
– ცხინვალი ივ. მაჩაბლის სახელობის ქართული თეატრის  რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობი ზაურ გასიევია. იგი  ამბობდა: – ,,მე ოსი ვარ, მაგრამ ჩემი დედა ენა ქართულია!“ – ულამაზესი, დახვეწილი ქართული ენით საუბრობდა და თავგადადებული სიყვარულით უყვარდა ქართველები და საქართველო… აკი, რევაზ ჯაფარიძემ, როდესაც მისი ქართული მოისმინა, თქვა კიდეც – ახლა ნამდვილად მჯერა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ იქ წამოსულა ქართული ენის შესასწავლად, სადაც ქართული ენა გვირგვინივით ადგას ამ ქართულ კერას!  – ცხინვალი ზაურ გასიევის მეგობრების: თეიმურაზ მულდაროვის, ენრიკო კვაღინიძის, ჯემალ კასრაძის, გენრიხ გელაძის და სხვათა უზადო მეგობრობით, სინდისით და პატიოსნებით, სიყვარულით ნაჩუქურთმევი ქალაქია!
ცხინვალი, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია, სადაც კონფლიქტამდე, ქართველები და ოსები თავ-თავის  ენაზე  ქმნიდნენ  და ძერწავდნენ ეროვნულ საგანძურს.
დღეს, ჩვენი დევნილი  თეატრი, ქვეყნის ასეთი ძნელბედობის ჟამს, გმირული შემართებით და გამძლეობით სამშობლოს მაგივრობას უწევს სამაჩაბლოს მოსახლეობას და თავისი ღირსეული არსებობით ერთხელ კიდევ შეახსენებს თავს საზოგადოებას და მიანიშნებს სამაჩაბლოს მნიშვნელობაზე და ღირებულებაზე!
ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი  თავანკარა ქართლურით ნაშენები მტკიცე ციხეა, ხოლო მსახიობები, ერთგულების და სამშობლოს სიყვარულის  უმაღლეს ხარისხში აყვანილი  მეციხოვნეები!  სამწუხაროდ, საუკუნენახევრის  თეატრი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი!
– ამაზე დიდებულად წერს ქალბატონი მზია ხეთაგური…
-,,და რომ არ იყოს ხელმეორედ დევნილი და იავარქმნილი ცხინვალის ქართული თეატრი, სრულიად საქართველოს და მის უწმინდესობას მოვუწოდებთ, მხარი დაგვიჭიროს! რადგან, თუ არ იქნება ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის ქართული თეატრი, ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის, რომ ამ გულგრილობით  თავად აწერს ხელს სამაჩაბლოს საბოლოოდ დათმობას! და თუ არ იქნება ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის ქართული თეატრი, რას იტყოდნენ ამაზე თავად ილია ჭავჭავაძე და ვანო მაჩაბელი?! დაკარგულია ივანე მაჩაბლის საფლავი! იავარქმნილია მისი სახლ-მუზეუმი! ნუღარ დავკარგავთ მისი სახელობის ცხინვალის ქართულ თეატრს!“ – წერს მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი, ქალბატონი მზია ხეთაგური წიგნში ,,ღამის დარაჯი“.
დღეს, ცერცვის მარცვლებივითაა გაბნეული ცხინვალელთა ნიჭი და ხელოვნება… ერთმანეთს ყოველთვის ვერ ვაწვდენთ ხმას… ცხინვალელთა მიერ შესრულებული ცეკვა და სიმღერა, ცხინვალური აღარ არის, მსოფლიო კულტურის საერთო მდინარეში მიედინება – ამღვრეული, აღრეული, გადასხვაფერებული, არამშობლიური!..
მაგრამ თითოეული ცხინვალელისთვის ხომ დაუვიწყარია ის ძველი დრო… ტკივილიანია იქაურ შემოქმედთა სტრიქონები…
– მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობთ, ისევ გვიყვარდეს ცხინვალურად ერთმანეთი და სამშობლო… თითოეული ცხინვალელის ცხოვრება არის ცხინვალური ამბებით სავსე ძვირფასი სკივრი, რომელსაც უჩვეულო სინაზით ვეფერებით და თვალისჩინივით ვუფრთხილდებით მასში ჩაგორგლილ ძვირფას  ამბებს.
ცხინვალური სიყვარული იღვრება მზია ხეთაგურის ლექსებიდან… – ,,იგი ხომ სულის მესაზღვრეა ცხინვალელთათვის, სამშობლო – სამშობლოში!… ოდესღაც, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაშლილი საქართველო, დღეს, კიდურებმოკვეთილი ასვენია ყოფნა-არყოფნის გზაჯვარედინზე… ასეთი საქართველოს ჭირისუფალია ქალბატონი მზია!
თირის მონასტრის ძველთაძველ კედლებს მირონივით სდის მისი ლექსები და იმედის მდინარედ მოედინება ჩვენი გულებისკენ…  -,,ნუ სწირავთ ბატკანს, ბალღის ხმას ჰგავს მისი ბღავილი“… – ეს არის ლოცვა-ვედრება სამშობლოს ბედით გულმოკლული პოეტისა… იგი ფაქიზი სულით ესათუთება ქართულ – ოსური ჩონგურის გაწყვეტილ სიმებს და ტკივილზე, სიყვარულზე ალესილი ლექსებით გულმოდგინედ კემსავს და აფართოებს – მოყვარე მტრისგან შეკუმშულ ქართულ რუკას!..“ (ციცინო ბაბუციძე, ,,ღამის დარაჯი“) –  ცხინვალი მზია ხეთაგურის ლექსებით დავერცხლილი ქალაქია!  დიახ, ცხინვალიდან იწყება მისი პოეზია და  მთელ მსოფლიოში დახეტიალობს  ისე, როგორც  მისი შესანიშნავი და ცნობილი  პიესა ,,ხეტიალა“!
მზია ხეთაგურის  მოგონებებში და ლექსებში ცოცხლობს ცხინვალი თავისი ავ-კარგით, დაუვიწყარი ფერებით და სახეებით…  სამშობლოსადმი მიძღვნილი მისი ლექსების ყოველი სტრიქონი, მართლაც,  მის უკიდეგანო ტკივილზე ალესილი მახვილია.
ცხინვალი – მერაბ ელიოზიშვილის ულამაზესი ქართლურით ნაჩუქურთმევი ქალაქია!
1934 წლის 18 დეკემბერს ცხინვალში დაიბადა მერაბ ელიოზიშვილი – დიდი მწერალი.   1952 წელს დაამთავრა ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული   მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოს. მერაბ ელიოზიშვილი არის ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი – ერთი მათგანია ,,თეთრი ქარავანი“, ხოლო მეორე – ,,დიდი მწვანე ველი.“   ეს უკანასკნელი, მსოფლიოს  საუკეთესო ფილმების ასეულშია შეტანილი (ამ ფილმში, პატარა ბიჭის, იოთამის როლს, ცხინვალელი  ზურაბ ცერაძე ასრულებს)!  მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა ,,ბებერი მეზურნეები“ პიესად გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა.
ქალბატონი მზია ხეთაგური წიგნში ,,ღამის დარაჯი“ წერს:  -,, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის ქართული დრამატული თეატრი თავისი არსებობის მანძილზე მუდამ ირჩევდა ისეთ რეპერტუარს, რომელიც ახლოს იყო თეატრალური გემოვნების ეპიცენტრთან. ამ თეატრის ერთ მნიშვნელოვან ხანას ქმნის მ. ელიოზიშვილის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების სპექტრი. თეატრში ორმოცი წლის მანძილზე   მ. ელიოზიშვილის თითქმის ყველა პიესა დაიდგა და ამ ტრადიციისათვის თეატრს არც დევნილობის ჟამს უღალატია – მისთვის არცთუ სახარბიელო წლებში მან ,,ბერიკონი“  შესთავაზა თბილისელ მაყურებელს.
სრულიად განსხვავებულსა და განზოგადებულ ხასიათს ატარებდა  თავად ცხინვალში დადგმული სპექტაკლების სტილი.  პიესები: ,,არაფერი“ და ,,ყველასაგან ყველასათვის“, სამწუხაროდ, მხოლოდ ცხინვალის თეატრის სცენაზე განხორციელდა და ეს, შეიძლება ითქვას,  ნამდვილი ტრიუმფი იყო თავისი პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობით. ასეთი ხასიათის დადგმები და პრობლემისადმი მიდგომა კი, ჯერაც საბჭოურ წლებში,  საკმაოდ სარისკო იყო.
მეჩვენება, რომ მერაბ ელიოზიშვილის მწერლობის ჭეშმარიტი შეფასებისათვის დრო ან სულიერება არ ჰყოფნის პოპულისტური სანახაობებით დაკავებულ საზოგადოებას. ჩვენი მოზარდები უსათუოდ უნდა ეზიარონ ,,ბებერი მეზურნეების“,  ,,თეთრი ქარავანის“,   ,,ბერიკონისა“ და   ,,დიდი მწვანე ველის“ მარტივ ფილოსოფიას, უნდა იცოდნენ ჩვენი კლასიკური ლიტერატურა  თუნდაც კონსპექტის სახით.“
მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა ელიოზი. 2012 წლის იანვარში გარდაიცვალა…  მის მხრებზე და გულზე გადაიარა უსაყვარლესი ცხინვალ- ქალაქის, მისი შემოგარენის და აფხაზეთში დატრიალებულმა ენით უთქმელმა უბედურებამ. კალმით რომ ვერაფერი გააწყო მტერ – მოყვარესთან, ეკლესიას შეეყავარჯნა!
ილია მართლის თანამოკალმემ მიწაზე დაწყებული დიალოგი ცაში გააგრძელა –  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა  და უნეტარესს ილია მეორეს გულამომჯდარი მოუთხრობდა ქრთლის ჭირს. სამშობლოდაკარგულ, ვენახაჩეხილ, საფლავებგამქრალ მწერალს, უფლის სადიდებელი ლოცვა-ვედრება  სისხლნარევ ცრემლად  სდიოდა დარდით და ტკივილით გაძეძგილი გულიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, უთაური სარდალ-მეომრების ამარა დარჩენილ ქვეყანასავით, ტაძარსაც შემოძარცვოდა ლოცვით შემოქსოვილი წმინდა პერანგი…   ქვევრს დამსგავსებოდა მისი ქვეყანა – ლოცვასაც უკან უბრუნებდა და რისხვასაც! ვეღარ გაუძლო… წავიდა ამ ქვეყნიდან ისე, რომ ვეღარ ჩაწურა ზედაშეს ქვევრებში ხარისთვალა ყურძნის მტევანი მამა-პაპეული ვენახიდან… წავიდა! ცის კიბეს აჰყვა ქვე-ყანის ქართული ანბანით და ქართლური სიტყვიერებით  უზადო  მხვნელ-მთესველი და ზე-ყანის ლოცვით მამშვენებელ-მაშენებელი,  ძირძველი  ცხინვალელი მზისგულა კაცი –  მერაბ-ელიოზ ელიოზიშვილი…  შთამომავლობას კი დინოზავრის ნაფეხურივით წარუშლელი მემკვიდრეობა დაუტოვა,  იმ იმედით, რომ დადგება დრო, ამ ნაფეხურზე ფეხის დადგმას და დატოლებას რომ გაბედავს შთამომავლობა!.. აი, მაშინ, გულნათელი მწერალი სიყვარულით ჩამოგვძახებს ციდან:    –  აღარ გაქვთ ქვეყნის  ვალი, დავისვენე!
– ,,მე არც დაბნეული მძივი ვარ და აღარც მარცვალ-მარცვალ ვიკრიფები“… – ეს ნიჭიერი ქალბატონი ლია ჭიღლაძეა,  ჩენი თანამემამულე და ჩვენებური ქართლურის ერთგული დარაჯი!
– ,,მე ცხინვალელი ბიჭი ვარ, დედით და მამით ქართველი“… –  ეს  შოთა დარბუაშვილია…  შეხსენება კი არ უნდოდა ჩვენს შვილებს, საიდან იყვნენ, მაგრამ ლექსი ანდერძივით ჟღერდა და როცა ამ სტრიქონებს წარმოთქვამდნენ  ცხინვალურად ეჭირათ თავი და ცხინვალელობას სწავლობდნენ!  შოთა დარბუაშვილი განა მხოლოდ პოეტია! – ცხინვალს, საბჭოეთის პერიოდში ჰყავდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ბონვარონი“!  იგი ამ ანსამბლის სოლისტი გახლდათ! ძალიან პოპულარული ბიჭი იყო –  გოგონები აფიშებიდან ჭრიდნენ მის ფოტოებს…  ახლა მისი ლექსები გვითბობენ გათოშილ სულს… დროდადრო ,,ძველბიჭობას“ იხსენებს  და გიტარის სიმებს თრთოლვით ჩამოჰკრავს თითებს – ბედნიერ წარსულში გვაბრუნებს მისი ხმა! იმედით გასცქერის მომავალს, მაგრამ შავ-თეთრი აწმყო მაინც აწერინებს სევდიან სტრიქონებს.
ირინე გოჩაშვილი – მისი  პოეზია  არის გზავნილი  სამყაროსთან – არ   არსებობს მტრობა და შუღლი   ადამიანებს  შორის… იმპერიული ძალები ინაწილებენ მსოფლიოს,  ნაღდი ხელოვნება და ლიტერატურა კი მარადიულად    ბინადრობს ერებსა და ეროვნებებს შორის და ფერადი საშლელით  შლის  უბადრუკ,  სისხლიან საზღვრებს! ირინეს ნათარგმნი რუსი პოეტების ლექსები რუს და ქართველ ხახს შორის გადებული მეგობრობის მტკიცე ხიდია!
თამარ ბაბუციძე  –  ,,თუ საჭიროა, მე ვიქნები მშობელი ქალი, ვინც ჩვილ ხეობას მშობელივით სიცოცხლეს მისცემს!“- მეტი რა გითხრას!.. ვამაყობთ მისით… სულ ახლახან გალაკტიონის პრემიის ლაურეატი გახდა!
ვახტანგ კობერიძე –   მადლიანი, ძარღვიანი ქართულით გაჯერებულ ლექსის სტრიქონებს გვჩუქნის და ალალი, ქართლური სიყვარულით სავსე გულით გვეფერება  მშობლიურ ცასა და მიწაზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი.
არც ერთი დღით არ მიუტოვებია მშობლიური თამარაშენი… მაშინაც და ახლაც, შრომით დაღლილ მარჯვენას კალამი აძლევდა ძალას! კოდაში ჩასახლებულს ლიახვის ბობოქარი ხმაური აღარ უკრთობს  ძილს… ძნელია, სხვა სოფლის  მიწის სუნთქვას გაუტოლო შენი სული და სხეული… გადანერგილი გულივით, თითქოს, შენი სატკივარი არ სტკივა და შენი სიხარული არ უხარია დედინაცვალ-დედამიწას!… ლექსის და ადამიანის სიყვარულით ისევ თამარაშნულად წერს და ლოცულობს სამშობლოს ბედ-იღბალზე უსურვაზივით შემოხვეულ-შემოგრაგნილი კაცი-პოეტი.
ცხინვალში გამომავალ გაზეთ ,,საბჭოთა ოსეთში“ პირველად დაიბეჭდა  მანანა ჩიტიშვილის პირველი ლექსები: – ,,ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ, მთელ საქართველოს ვეფერები“ – წერს იგი და გიჩნდება სურვილი, მთელი საქართველოს მოსაფერებლად შენც შენს  მშობლიურ მდინარეს გადაუსვა ხელი…
– როგორ დაიწერა წიგნი: „აჩაბეთი და აჩაბეთელები“…
– ჩვენი სოფელი შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფელი აღარ არსებობს. დევნილი მოსახლეობა  საქართველოს რიგ რაიონებშია დასახლებული. გვიჭირს ერთმანეთის მოძებნა. ბავშვები დაიზარდნენ და ერთმანეთს ვეღარ ცნობენ.   რამდენიმე მოხუციღა  შემოგვრჩა…
მომავალ თაობას რომ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, სოფლის ისტორიაც უნდა იცოდეს და იქ მცხოვრები ხალხისაც.
გადავწყვიტეთ, დავბეჭდოთ ცნობარი, სადაც იქნება ყველა ჩვენი თანასოფლელის მონაცემი: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვინ ჰყავდა მშობლები, დიდედა – პაპა, შვილები…  არქივში მოვიძიეთ მასალა ჩვენი სოფლის და სოფელში მცხოვრები გვარების შესახებ და ისტორიულ და ზეპირ  წყაროებზე დაყრდნობით შევქმენით ჩვენი სოფლის ისტორია, სადაც მეტ-ნაკლებად ვეხებით და განვიხილავთ ქართულ-ოსური კონფლიქტის  წარმოშობის მიზეზებს და  ვაკეთებთ მომხდარის ანალიზს და ვეძებთ გამოსავალს…  ვწერთ მოგონებებს ჩვენს სოფელზე, ადამიანებზე, რომლებიც იღვწოდნენ და იბრძოდნენ სოფლისთვის დღიდან მისი დაარსებისა… შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია წიგნში მოყვანილ ფაქტებზე და მოვლენებზე…
წიგნში შესულია მოკლე ისტორიები ცხინვალელი მწერლების და  ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა  შესახებ… ასევე, პატრიარქის კურთხევით დავწერეთ ,,ზვარეთისა და აჩაბეთის წმინდა გიორგის ხატი“ –  მეოხი ბაბუციძეების გვარისა, აჩაბეთისა და სრულიად საქართველოსი. წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ,,აჩაბეთობას“…
წიგნმა გაგვაერთიანა და ერთ მთლიან ორგანიზმად გვაქცია. მუდამ ერთმანეთის ნახვის მოლოდინში ვართ და დამეთანხმებით, სწორედ ესაა დღევანდელ გაუცხოებულ და გულგრილ დროში მნიშვნელოვანი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სოფელი მენდო, უფლება მომცა, ჩემი უდიდესი სიყვარული გადმომეცა ამ წიგნით, რომელსაც ძალიან მალე იხილავს მკითხველი.
–  ლექსების წერა როდის დაიწყეთ?
– ლექსებს ბავშვობაშიც ვწერდი, სტუდენტობისასაც, მაგრამ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა ამის შესახებ. ვწერდი დღიურს, ჩანახატებს… სამწუხაროდ, ცხინვალიდან  ვერაფრის გამოტანა ვერ მოვახერხე და ყველაფერი დაიწვა… ძალიან დიდხანს აღარაფერს ვწერდი… საშინელმა შავ-თეთრმა ცხოვრებამ კარგა ხანს დაადუმა ჩემი მუზა. მერე… რაღაც დაგროვდა, ჩაიგრაგნა სულში და დაიბადნენ ჩემი ლექსები: ხან მხიარულები, ხან-სევდიანები, უფრო მეტად კი – იმედიანები!
– 2007 წლის „პატრინოტის“ კონკურსზე თქვენს ლექსზე დაწერილ სიმღერას დიდი წარმატება ხვდა წილად…
– სამაჩაბლოს თეატრის მსახიობმა დალი დოიჯაშვილმა,  2007 წელს ,,პატრინოტის“ კონკურსზე  ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერით მიიღო მონაწილეობა, რომელიც ,,ჯეოსტარი 2006“ -ის გამარჯვებულმა, ჩემმა თანასოფლელმა თინათინ ჭულუხაძემ იმღერა. სიმღერას დიდი წარმატება ხვდა წილად. ალბათ, დადგება დრო და დალის მიერ სიმღერებად აჟღერებული ჩემი სხვა ლექსებიც იხილავენ დღის სინათლეს…
მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ მზია ხეთაგურს,  რომელმაც სიტყვასთან ჭიდილი მასწავლა, სიტყვის მრავალ კუთხეზე და წახნაგზე მიმანიშნა და მივხვდი, სანამ ყოველი მხრიდან არ შებრუნებ და არ დაათვალიერებ, უფლება არ გაქვს, სიტყვა წინადადებად აქციო… რომ ლექსის სიმრავლე კი არა, აზრის ხარისხია მნიშვნელოვანი.
– ალბათ ძალიან ტკივილიანია, როცა დევნილ პოეტს გეძახიან… როგორ იწერება ლექსები დევნილობაში?
– დევნილობა ჩემი ,,აქილევსის ქუსლია“… ამაზე მწარე და საშინელი სიტყვა არ არსებობს! ეს არის დამღა, რომელსაც ვერასოდეს წაშლი და ვერაფრით გააფერმკრთალებ… არ არსებობს ბუნებაში საზღაური, რომელიც დევნილ ადამიანს თავის ყოფას დაავიწყებს! დევნილობა ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას ნიშნავს – არც აქაური ხარ, აღარც- იქაური! აქაური ქუდიც უნდა გეხუროს და – იქაურიც! დევნილი პოეტის ბედიც ასეა –   აქაური დარდი და სიხარულიც უნდა გაიზიარო და იქაურიც…  ,,იქაურები“  სხვა რამეს ელოდებიან, რადგან ისინი, სამწუხაროდ,  ლექსებით მოგზაურობენ იქ, სადაც დარჩათ მთის წვერიდან დაცურებული ცრემლივით სუფთა და ლაღი, აუმღვრეველი სიცოცხლე…  ჩემი ლექსები ტკივილით იწერება –  ,,დედის ცრემლზე ამოსული იებივით“  ბღუჯა-ბღუჯა ვარიგებ პატარ-პატარა  გაზაფხულებად, რომ სხვებიც გადავარჩინო და მეც გადავრჩე…
–  მეუღლე გარდაგეცვალათ… გაიხსენეთ ოჯახური თანაცხოვრება…
– მიჭირს მეუღლეზე წარსულში საუბარი… მისი არყოფნით გაჩენილი საშინელი სიცარიელე, მგონია, არასოდეს ამოივსება! ვუყვარდი უზომოდ…
საკმაოდ კარგად ერკვეოდა  ლექსის ავკარგიანობაში და პირველი შემფასებელიც ის იყო… მღეროდა. არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა… უზომოდ წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო – ვაჟკაცური, სიტყვაგაუტეხელი!  მოღალატე  ადამიანს ვერ იტანდა…  უყვარდა თავისი ქვეყანა და უდიდეს ტკივილს გრძნობდა, ამ დაუსრულებელი უბედურების გამო. გულჩვილიც იყო… ისე წავიდა ამქვეყნიდან, ჩემი წიგნი ბოლომდე ვერ წაიკითხა – ეტირებოდა…
მშენებელი ინჟინერი იყო. 1992 წლის მიწისძვრის დროს ჩვენი სოფლები საშინლად დაზარალდა. სიცოცხლის ფასად შეჰქონდა მასალა და პირველ რიგში ობლებსა  და მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს ეხმარებოდა. ყველაფერი დაკარგა, რამდენჯერმე… ღალატმა და გაუტანლობამ გაანადგურა… უზომოდ უყვარდა შვილები და დედა – მარიამი, მართლაც ულამაზესი და უკეთილშობილესი  ადამიანი! გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი სოფელი ნახა სიზმარში: – იცი, რა ლამაზი იყო? ფერდობზე წითელი ვარდები ყვაოდა. ანგელოზები ცეკვავდნენ და თეთრი ტაძრისკენ მივყავდიო…
წავიდა იმ ტაძრისკენ!… დევნილები ხომ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ბრუნდებიან შინ!
– 4 ვაჟი  და ორი შვილიშვილი გყავთ…
– ჩემი შვილები არიან- ლევან, კახაბერ, მირიან და ერეკლე ლურსმანაშვილები…
ლევანი ხის მხატვრული დამუშავების  ოსტატია, კახაბერი და მირიანი – ეკონომისტები, ერეკლე – სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულია და ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. უყვართ შრომა და ერთმანეთის დახმარება. ორი არაჩვეულებრივი რძალი მყავს: ნია მამესწარაშვილი და ლიკა ჯიღაური. ორი შვილიშვილი მყავს – 12 წლის რატი და 1.8 წლის სესილია, ერთადერთი გოგო ჩვენს ორბიტაზე. უმათოდ ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად  უაზრო იქნებოდა…   ,,ტაკ-ტუკ“- დაგვიკაკუნებს სესილია კარზე და მთელი ოჯახი თავდაყირა ვდგებით, რომ ჩვენს ნებიერას მოვემსახუროთ… ოჯახი ჩემი თავშესაფარია და ვცდილობ, ჩემი შვილები, რძლები და შვილიშვილებიც ასე გრძნობდნენ  თავს და ყოველთვის მიგვიხაროდეს ერთმანეთისაკენ.
– თქვენი ერთი ლექსი…
 – „თუ“… – ასე ჰქვია ამ ლექსს:

 თუ ვაზის ძირში მუხლზე დაჩოქილს,
არ გიკოცნია შენი მიწისთვის…
ვაზის ფოთლიდან არ აგიხედავს,
იით მოხატულ მშობლიურ ცისთვის…
არ გიყნოსია ყანის სურნელი,
არ გაგიყვია საგზალი სხვისთვის…
თუ ერთხელ მაინც არ წამოგიკრავს,
ფეხი, მშობლიურ კენჭისთვის, ქვისთვის…
სიმინდის ტომრით არა სწვევიხარ,
ფეხებდაბრეცილ პატარა წისქვილს…
ურმის ჭრიალი არა გსმენია,
არ გახარებდა გალობა ჩიტის…
მდინარის ტალღას არ ჩაჰყოლიხარ,
არ გინატრია სიმაღლე დიდ მთის…
… ამქვეყნად, მხოლოდ შენთვის მოსულხარ,
და იმ ქვეყნადაც, ვერ წახვალ სხვისთვის!

– ფეისბუქზე ხშირად წერთ: „სიტყვა ღმერთია. ჩვენ დავბრუნდებით“… ალბათ დაბრუნებას უდრის, როცა ასეთი რწმენაა…
– ასეთი გამოთქმა არსებობს: ,,რაც იფიქრა, ის გააკეთა! როგორც გააკეთა – ისეთი გახდა! როგორიც გახდა – ისე იფიქრა!“ ეს ხომ ადამიანის აზროვნების შეკრული წრეა – ფიქრით ვიწყებით და ფიქრით ვმთავრდებით…  რადგან ფიქრის უნარი გვაქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, დაბრუნების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს დამოკიდებულია არა ჩვენს ფიქრზე, არა ჩვენს კეთილ ნებაზე, ჩვენს სიყვარულზე, არა ჩვენს სიზმრებზე, არამედ იმ მწარე რეალობაზე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაზე.  ჩვენი სახალხო დიპლომატია არის ერთი პატარა ნავი, მსოფლიო პოლიტიკის აბობოქრებულ ოკეანეში.
– ყველაზე ბედნიერი დღე…
– დღეები… როცა ჩემს მეუღლეს შევხვდი პირველად! – მე ისევ მისი მწვანე თვალებით ვუყურებ უფერულ სამყაროს…  და ჩემი შვილების დაბადების წუთები, რომელსაც დედამიწის ზურგზე არანაირი ბედნიერება არ შეედრება!
–  „ნაცარშეყრილი“ თვალებით დანახული რეპი“ – რა გინდოდათ გეთქვათ ამ ლექსით?
–  ეს ლექსი თავისი ტკივილით და პრობლემებით აქტუალური იყო, არის და, ღმერთმა ნუ ქნას, აქტუალური იყოს მომავალშიც!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები