ირაკლი სესიაშვილი: აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს როგორ მივუდგებით

ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, საჭიროების შესაბამისად როგორ მივუდგებით, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რათა საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლებს ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი რიგითი საჯარო მოხელეა და თუკი პრეზიდენტს რომელიმე საკითზე კრიტიკული განცხადების გაკეთება სურს, უკეთესი იქნება თავად გააკეთოს.
„ვთხოვ პრეზიდენტს, რომ საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს. საჯარო მოხელეები ასე არაეთიკურად არ უნდა იქცეოდნენ. ცოტა რიდი უნდა ჰქონდეთ, როცა საუბრობენ დეპუტატების პასუხისმგებლობაზე. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ვმუშაობთ იმისთვის, რომ კანონები მივიღოთ, შევცვალოთ და რეფორმა განვახორციელოთ. ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, საჭიროების შესაბამისად როგორ მივუდგებით. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ცვლილებები კანონში ემსახურება და გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომელიც ქვეყნის წინაშე იმ მომენტში დგას. გიორგი აბაშიშვილის, რიგითი საჯარო მოხელის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ ავყვებით. პრეზიდენტს მოვუწოდებ, თუკი მას კრიტიკული განცხადების გაკეთება უნდა, თვითონ გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის გასაგები იქნება და არა მისი რიგითი თანამშრომლის,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს, თუმცა, მისი თქმით, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი.
გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურად იდენტურია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა. გიორგი აბაშიშვილი ითხოვს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები