ირაკლი სესიაშვილი: პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე

სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი ერთგვარ მოდას არის აყოლილი და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახდენს იმის ტირაჟირებას, რომ ქვეყანაში ვიღაცას უსმენენ – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრეების კრიტიკა, რამდენადაც მათ სურთ საზოგადოებაში შექმნან ილუზია, რომ ისინი უსმენდნენ წლების განმავლობაში და „ქართული ოცნება“ იგივეს აკეთებს. სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი ერთგვარ მოდას არის აყოლილი და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახდენს იმის ტირაჟირებას, რომ ქვეყანაში ვიღაცას უსმენენ. მაშინ, როცა წინა ხელისუფლება ტექნიკური საშუალებების სისტემის 10%-ს იყენებდა, ჩვენ მხოლოდ ათეული პროცენტის ფარგლებში ვიყენებთ ამ საშუალებას“, -განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას ყველაზე მეტად პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები აოცებს.
„ ყველაზე მეტად მე მაოცებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რადგან ვსაუბრობთ მოტივაციაზე, თუმცა, სამწუხაროდ ამ მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე. მე შევახსენებ ბატონ პრეზიდენტს, რომ როდესაც ჩვენ ეს კანონი პირველად მივიღეთ, მან ასევე წარმოადგინა მოტივირებული შენიშვნები და გვთავაზობდა, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, გასაღები ჰქონოდა მოსამართლეს. დღეს თუ ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტი არის პრინციპული საკითხთან მიმართებაში, მოსამართლეს საერთოდ არ ახსენებს და მისთვის მისაღებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობა. ე.ი. ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები