ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები უტევენ ქართულ სახელმწიფოს

“ვანდალურ აქციას პოლიციამ უპასუხა ძალიან თანამედროვე და ახალი სტანდარტით, პროპორციული ძალის გამოყენებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
​ლევან გოგიჩაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა რომ აღნიშნული გუნდი ცდილობს, სხვადასხვა პროვოკაციებით, დესტაბილიზაციის ინსცენირება მოახდინონ ქვეყანაში.
„დღევანდელმა გამოსვლებმაც ნათლად დაგვანახა, რომ არაფერი არ იცვლება ამ ადამიანებში. სხვადასხვა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი არის „რუსთავი 2“ -ის იმიტირებული სამყარო, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩარჩენილი, თავისი განაყოფებით და არის რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.
​ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფიქსირებენ უპრეცედენტო სიძულვილს საქართველოს, საქართველოს დემოკრატიის და იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მიიღო ნორმალური, ადამიანური სახე. დღეს ადამიანები გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობაზე. არაფერი, რომ არ ვთქვა იმაზე, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. ახსენებენ გვარებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ის ბოლო ორი გვარი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ის ადამიანები იყვნენ, თქვენი ზონდერები, რომლებსაც თქვენ იყენებდით მომიტინგეების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოთქვამდნენ პროტესტს. ამ ყველაფერს ფაქტებით, ადამიანების მეხსიერებით და იმ მოცემულობებით ვამტკიცებთ, რაც არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება.
​დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები უტევენ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ დემოკრატიას. დღეს ახალი გეგმა აქვთ, არ დააკლეს ბათუმში პროვოკაციებს, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ დაიწყეს. მე მინდა, გამოვეხმაურო ასევე, ბათუმის მოვლენებს, როგორც ჩანს, ეს არის კარგად დაგეგმილი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ყოფითი პრობლემიდან სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წაქეზებით, როგორ გადაიზარდა ეს მასობრივ არეულობაში. მინდა ავღნიშნო, რომ ეს იყო ვანდალური აქტი , რომელსაც გარკვეული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ქალაქებში გამოეხმაურნენ სოლიდარობის აქციებით. ეს იყო ძალიან სამარცხვინო მოქმედება. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქცია უნახავს მაგრამ, ასეთი ცეცხლის გაჩენა შუა ქალაქში – არა. ეს განხორციელდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში, ვანდალურად მართავდნენ და უსწორდებოდნენ თავის მოქალაქეებს. ახლა ცდილობენ, სხვადასხვა პროვოკაციებით, დესტაბილიზაციის ინსცენირება მოახდინონ ქვეყანაში.
ჩემი აზრით, რეაგირება და პასუხი იყო ადეკვატური. ვანდალურ აქციას პოლიციამ უპასუხა ძალიან თანამედროვე და ახალი სტანდარტით – პროპორციული ძალის გამოყენებით და მე არ მაქვს უფლება, თითოეული ჩვენგანის სახელით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა, არ გადავუხადოთ მადლობა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენი მემკვიდრეობა, რასაც ვტოვებთ ამ ქვეყანაში, რომ ყველა სტრუქტურა არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ამ მოვლენების შეფასება და მე მინდა მივმართო საგამოძიებო უწყებებს, რომ უმოკლეს დროში გამოიძიონ ეს დანაშაული და გამოავლინონ ის ადამიანები, რომლებმაც წააქეზეს ადამიანები და გაუკეთეს ორგანიზება და შექმნეს დესტაბილიზაციის განცდა ქვეყანაში“, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები