„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თვალნათლივ არის დანახული ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია”

“ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბევრად უფრო თვალნათლივ არის დანახული ის პროგრესი და წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით”, – ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გაეროს მაღალი დონის ფორუმებზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, როგორც გენერალურ დებატებზე, ასევე, უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ შეხვედრებზე გაჟღერდა საქართველოს მიერ მიღწეული არაერთი წარმატება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევაჯამო გაეროს მაღალი დონის ფორუმებზე საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი და დაგარწმუნოთ, საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბევრად უფრო თვალნათლივ არის დანახული ის პროგრესი და წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ვიზიტი, რომლის ხელმძღვანელობაც დაევალა საქართველოს პარლამენტს და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, როგორც პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ომბუდსმენის წარმომადგენელი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მოიცავდა გაეროს ქალთა სტატუსის 61-ე კომისიას და ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებს. გავმართეთ შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთანაც.
როგორც გენერალურ დებატებზე, ასევე, უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ შეხვედრებზე გაჟღერდა საქართველოს მიერ მიღწეული არაერთი წარმატება. კერძოდ, ხაზი გაესვა, რომ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, საქართველომ ძალიან პროგრესული საკანონმდებლო ბაზა შექმნა, როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობის მთელი იერარქიით, მამაკაცისა და ქალის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები არის გარანტირებული. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და საგანგებო მომხსენებელმა, სიმონოვიჩმა, პოზოტიურად შეაფასეს მიმდინარე მუშაობა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც მიგვიყვანს ევროსაბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამდე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.
გაეროს უშიშროების საბჭოზე აღინიშნა, საქართველო 2016 წლის მონობის მსოფლიო ინდექსის, ასევე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით და ევროსაბჭოს მრჩეველთა კოლეგიის მხრივ, არის შეფასებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებებში. 167 ქვეყანას შორის, საქართველო იკავებს მე-17 ადგილს, თუმცა ხაზი გავუსვით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეუძლებელს ხდის, ჩვენთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სრული მასშტაბით განხორციელდეს ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებები და მოგვეცეს საქართველოს მოსახლეობის დაცვის საშუალება აღნიშნულისაგან“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
​მისვე თქმით, გაეროს მოსახლეობის ფონდთან შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, საქართველოს წარმატება სელექციური აბორტის შემცირების კუთხით.
„გაეროს მოსახლეობის ფონდთან შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, საქართველოს წარმატება სელექციური აბორტის შემცირების კუთხით და სპეციალური გლობალური პროგრამა შეისწავლის საქართველოს წარმატებას და მოხდება შემდგომი მუშაობა აღნიშნული საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ისტორიულად ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა გვყავს ქალი პარლამენტარების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და 23 ქალბატონიდან პარლამეტში 18 იკავებს წამყვან პოზიციებს, თუმცა ჩვენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გვექნება გადასადგმელი ნაბიჯები.
​განათლების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ თანაბარ მონაწილეობას და გამორჩეული წარმატებით გამოირჩევიან ქალბატონები, შრომით ბაზარზე კვლავ რჩება მამაკაცებთან შედარებით, ქალთა საშუალო შემოსავლის დაბალი დონე – 35 პროცენტი. მსოფლიო გამოცდილება 160 ქვეყნის მაგალითზე გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი ქალბატონი არის ჩართული პოლიტიკასა და ბიზნესში, უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერია შესაბამისი ქვეყნები და დიდი იმედი მაქვს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ამ კუთხით“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები