რატომ არ აშენდა ფოთში ახალი პორტი და ვის ინტერესებში შედიოდა კომპანია „რაკიინის“ საქართველოში შემოყვანა
ფოთში ახალი პორტის აშენებას მაღალჩინოსანთა პოლიტიკურმა და პირადმა ინტერესმა შეუშალა ხელი,- ამის შესახებ „კვირას“ ფოთის პორტის ყოფილი მთავარი ინჟინერი ჯემალ გერსამია ესაუბრა. ჯერ კიდევ 1997 წელს არსებობდა პრეზიდენტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ფოთში ახალი პორტი უნდა აშენებულიყო. საკითხი დღის წესრიგში 2006 წელს დადგა, თუმცა, გადაწყვეტილების აღმსრულებელი კომპანიის „კოლხეთის“ ხელმძღვანელის მიერ ინვესტორების შემოყვანის მიუხედავად, საუკუნის პროექტის განხორციელებას ხელისუფლებასთან დაპირისპირება მოჰყვა.
„კვირასთან“ საუბრისას გერსამია იმ დეტალებს იხსენებს, რომლებიც პორტის არაშენების და პროექტის მიმართ პოლიტიკური ინტერესის მიზეზი გახდა. როგორც გერსამია განმარტავს, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფოთის პორტში წილებს ფლობდნენ, შესაბამისად, მათი მხრიდან პირადი ინტერესი დიდი იყო. პოლიტიკოსთა წილებისა და საიდუმლო გარიგებების მიღმა კომპანია „კოლხეთი“ პროექტის აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი, რისთვისაც მისმა ხელმძღვანელმა შოთა მეგრელიშვილმა პირადი კონტაქტების საფუძველზე ევროპული კომპანია შემოიყვანა, რომელიც, თავის მხრივ, მზად იყო ამ პროექტში დასაწყისისთვის, საპროექტო თანხის სახით, 6 მილიონი ევრო, სრული ინვესტიციის სახით კი 450-დან 500 მილიონ ევრომდე ჩაედო. პროექტის თანახმად, ნულიდან ახალი პორტი უნდა აგებულიყო. გერსამიას განმარტებით, კომპანიას ხელშეკრულება ქართულ მხარესთან 2006 წლის ათ აგვისტოს უნდა გაეფორმებინა, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირდაპირი თუ ირიბი გზით, ყველაფერი გააკეთა, რათა ამ კომპანიისთვის შემოსვლის საშუალება არ მიეცა.
მისი განცხადებით, 2006 წლის 6 აგვისტოს კოდორის ზარ-ზეიმით აღების გამო ევროპელებმა ქვეყანაში შემოსვლა ერთი თვით გადადეს, რათა ფაქტის შემდგომი პირველი მოვლენები ჩავლილი ყოფილიყო. ამ ამბიდან ძალიან მალე კი, მისივე განმარტებით, მეორე დამაბრკოლებელი გარემოება გაჩნდა, რაც რუსი ჯაშუშების დაკავებაში გამოიხატა. ევროპელთა განცხადებით, ისინი მზად არ იყვნენ ასეთ არასტაბილურ ქვეყანაში ამხელა დონის პროექტის განსახორციელებლად.
ევროპული კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რაც პროექტის განხორციელებისას შეიძლებოდა მათთვის ბარიერი ყოფილიყო, საქართველოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა იყო. როგორც „კვირას“ რესპონდენტი იხსენებს, ამ ამბიდან მცირე დროში „კოლხეთის“ ხელმძღვანელი შოთა მეგრელიშვილი დაიღუპა, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებამ ერთ დღეში პროექტი საკმაოდ ბუნდოვანი გზებით განსახორციელებლად არაბულ კომპანია „რაკიინს“ „გადაულოცა“.
როგორც გერსამიამ განმარტა, იყო ეჭვი, რომ „რაკიინის“ შემოყვანა იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემას უკავშირდებოდა. „რაკიინის“ მიღმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან – დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის საქმიანი პარტნიორი, არაბი მილიარდერი და იარაღით მოვაჭრე ადნან ხაშოგი იდგა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიქტორ ბუტთან ერთად, კოლუმბიური ტერორისტული ორგანიზაცია „ფარკისთვის“ იარაღის მიყიდვის საქმეშიც ფიგურირებს. „ფარკის“ გარდა ვიქტორ ბუტი იარაღით „ალ ქაიდას“, „თალიბანს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აქტიურად ამარაგებდა. ვიქტორ ბუტთან დავით კეზერაშვილის ახლო კავშირსა და პარტნიორობაზე ჯერ კიდევ 2010 წლიდან აქტიურად იწერებოდა.
იმ სქემის მიხედვით, რომლითაც, მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილი მოქმედებდა, ის უკრაინაში შეძენილი იარაღის მიყიდვას ვიქტორ ბუტზე ახორციელებდა, რომელიც ამ იარაღს, თავის მხრივ, „ალ ქაიდას“ და „თალიბანს“ აწვდიდა.
„ მთავრობაში ზოგიერთ მის წევრს ხელს არ აძლევდა ევროპელების შემოსვლა. მათ ფოთის პორტში პირადი ინტერესები ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს პორტი ამ კომპანიის ხელში არ აღმოჩენილიყო. პორტი გაყიდეს ერთი ამწის ფასად. კომპანია „რაკიინის“ სახელით არაბი შეიხი შემოვიდა, მათ ნავსადგური იახტკლუბად აქციეს. მთელ ფოთს ესმოდა, რომ გარკვეულ კონტრაბანდულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი ამ პორტში. საუბროდნენ იმაზეც, რომ იყო იარაღით ვაჭრობის შესახებ ეჭვიც“,- განაცხადა ჯემალ გერსამიამ.
იარაღით მოვაჭრე ადნან ხაშოგი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „რაკიინის“ უკან იდგა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი. უცხოური მედიის ინფრომაციით, ხაშოგს კულუარულ წრეებში ხშირად „სიკვდილით მოვაჭრედ“ მოიხსენიებენ. „სიკვდილით მოვაჭრის“ საქმიანობა თავდაპირველად სატვირთო მანქანების გაყიდვით დაიწყო. მანქანების შემდეგ იყო ნაღმტყორცმენი, ჯავშანმანქანები და ბოლოს კი – ცეცხლსასროლი იარაღი.
აღმოსავლეთის ქვეყნებში ხაშოგი წამყვანი ამერიკული იარაღის მწარმოებელი კონცერნების ინტერესების წარმომადგენელი იყო. ხაშოგთან, ბუტის გარდა, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პირდაპირ კავშირზე გამოთქვამს ეჭვს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
როგორც მაისაიამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ხაშოგი საუდის არაბეთში სამეფო კართან უაღრესად დაახლოებული და გავლენიანი ბიზნესმენია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არაბეთში ვიზიტის დროს დიდი ალბათობით პირადად ხვდებოდა.
„სააკაშვილი საუდის არაბეთში ხშირად ჩადიოდა და მაღალი დონის წარმომადგენლებს ხვდებოდა, დიდი ალბათობით კი – იარაღით მოვაჭრე ხაშოგსაც. ხაშოგი ძალიან დაახლოებულია სამეფო კართან, ის ძალიან გავლენიანი ბიზნესმენია. საქართველო ბუტისთვის და ხაშოგისთვის საინტერესო იყო, როგორც სატრანსპორტო კორიდორი, როცა იარაღით მოვაჭრეები იარაღის გადაზიდვებს ახორციელებდნენ. ამ კორიდორში საქართველო აბუდაბისთან, ბელგიასთან, ავღანეთთან ერთად მოიაზრებოდა. სწორედ ბუტი იყო იმ სატრანსპორტო კომპანიის უკან, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხაშოგი იარაღის ტრანზიტისთვის ქირაობდა და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოდან იარაღისა თუ სხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას ამ კომპანიის დახმარებით ახდენდა“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ცირა შერგელაშვილი