სოფო კილაძე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე: ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცობას ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს

“ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცობას ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თაობაზე განაცხადა.
​დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონოპროექტს, მან აუცილებლად მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს. პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელზედაც დღეს უნდა ვიმსჯელოთ და იმ ვეტოს, რომელიც დაადო საქართველოს პრეზიდენტმა ამ პაკეტს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონპროექტს, მან აუცილებლად მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს, ის შენიშვნები, რაც მე პირადად ვნახე, რაც არის გამოგზავნილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტები და მაშ რა არის? ჩნდება კითხვა. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცობას ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს, იმიტომ, რომ წარმოდგენილი შენიშვნები ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის არგუმენტირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება პრეზიდენტისა. ჩვენ გაგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვსაუბრობდით, გვქონდა პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და გაგახსენებთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმ პროცედურულ ომს, რომელიც მათ დაიწყეს ამ კანონპროექტის განხილვისას. ეს პროცედურული ომი ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ რაც შეიძლება გაწელილიყო ეს განხილვა, რაც შეიძლება მეტი დრო დასჭირვებოდა ამას და რომ არა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლის ძალიან პრინციპული პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ დაებრუნებინა ეს ადამიანები ისევ სამართლებრივ ჩარჩოში, დღესაც იმავეზე ექნებოდათ ამ ადამიანებს საუბარი. ჩემი აზრით, ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაეწელათ ეს ყველაფერი და შემდეგ ეთქვათ, რომ აი, ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ უნიათოა და ვერაფერს ვერ აკეთებსო.
არ არის, ბატონებო, ასე. ძალიან პრინციპული პოზიცია დავიკავეთ და პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ ახლაც, ამ ვეტოს შემთხვევაშიც. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ვეტოც ემსახურება იმას, რომ გაიწელოს პროცესი და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც ჰქონდათ, რომ კანონპროექტი ჩავარდნილიყო. ეს არ მოხდება. ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ ეს არგუმენტები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არ არის მყარი არგუმენტები, არამედ ამ კანონპროექტს, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი, რომელიც უზრუნვეყოფს იმას, რომ როგორც ადამიანის უფლებები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები